ახალი ამბები

ევროკავშირი: საქართველოს და 5 ქვეყანას 140 მლნ ევრო გამოეყოთ

30 მარტი, 2020 • 2565
ევროკავშირი: საქართველოს და 5 ქვეყანას 140 მლნ ევრო გამოეყოთ

ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანას 140 მილიონ ევრო გამოუყო კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.

ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, 30 მარტს განაცხადა, რომ 140 მილიონ ევრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანას გამოეყოფა:

  • საქართველოს,
  • ბელარუსს,
  • აზერბაიჯანს,
  • სომხეთს,
  • მოლდოვას,
  • უკრაინას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის.

„ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად“,- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ეს განცხადება ეკუთვნის ევროკომისარ ვარჰეის.

მისივე თქმით, „დახმარების პაკეტი მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებებზე, ასევე, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და ექვსი ქვეყნის ეკონომიკების საყრდენის, მცირე და საშუალო საწარმოების, უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე“.

ამასთან, ვარჰეის განცხადებით, ევროკომისია 700 მილიონ ევრომდე ღირებულების ინსტრუმენტებს გადაამისამართებს კოროვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, საქართველოს შემთხვევაში „მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას. დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო ევროკავშირის სპეციალური სოლიდარობის პაკეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კორონავირუსის გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში დაეხმარება. დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ღირებულების რეგიონალურ საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობასა და  მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები; ევროკავშირი საქართველოს ექსპერტული ცოდნითაც დაეხმარება“.

ჰარცელის თანახმად, ევროკავშირი ასევე მიმართავს თანხებს, რათა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაეხმარონ დაუცველ ჯგუფებს კრიზისის დასაძლევად დამატებითი გზების მონახვაში.

„მომდევნო თვეებში ევროკავშირი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს, კრიზისის შემდეგ, მათი კომპანიების სტიმულირებისა და აღდგენის მიზნით, გრანტებზე და კრედიტებზე ლარში წვდომა გაუმარტივოს. გარდა ამისა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვგეგმავთ 20 მილიონი ევროს მოცულობის დამატებითი ადგილობრივი მიზნობრივი საგრანტო პროგრამის დაწყებას. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ ზომების საშუალებით ხელშესახებ წვლილს შევიტანთ იმ მიმდინარე თავდაუზოგავ შრომაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ეწევა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი