“7 ოქტომბერს Amnesty International-ის თანამშრომლები ვგეგმავდით აზერბაიჯანში ჩასვლას, რათა მოგვეგროვებინა ინფორმაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომრეობის შესახებ. გვეგმავდით შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების წარმადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ოპოზიციურ პარტიებთან. გვინდოდა მათგან გაგვეგო, აზერბაიჯანში დაგეგმილ არჩევნებამდე როგორი ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რამდენად არიან თავისუფალი ძალადობისგან”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლევან ასათიანი.
როგორც ასათიანი განმარტავს, ბაქოს აეროპორტში, სადაც ორგანიზაციის თანამშრომლები თბილისიდან გაემგზავრნენ, უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მათ შესახებ.
“გვითხრეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება არ გვქონდა. როდესაც მიზეზი ვიკითხეთ, საემიგრაციო ოფიცრების განმარტებით, “სისტემამ არასასურველ პირებად” გვცნო. უახლოესი რეისით გამოგვიშვეს დეპორტით”.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით ბოლოს მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა, ივნისის თვეში კი ქვეყანაში შესვლაზე ოფიციალური უარი მიიღო. მაშინ ბაქომ ოფიციალური წერილით გააფრთხილა ორგანიზაცია, რომ მათ წარმომადგენლებს აზერბაიჯანში მხოლოდ “პირველი ევროპულ თამაშების” შემდეგ შეუშვებდა.
“ვინაიდან თამაშები უკვე დასრულდა. ოფიციალურად მივმართეთ ლონდონში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია”, – აცხადებს ასათიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს.
“აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს, ვინ შეუშვას თავის ქვეყანაში და ვინ არა. მეორე მხრივ, აზერბაიჯანმა საერთაშორისო იმიჯზე უნდა იზრუნოს. ამგვარი ქმედებებით აზერბაიჯანი ფაქტობრივად ჩაკეტილი სახელმწიფო ხდება”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |