ახალი ამბები

ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს – პრეზიდენტი

22 აპრილი, 2020 •
ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომაროებიდან გამოსვლის ანტიკრიზისული გეგმის ლეგიტიმურმა მოთხოვნამ საგანგებო მდგომაროების გაგრძელება არ უნდა შეაფერხოს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომაროების 22 მაისამდე გახანგრძლივებაზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ პლენარულ სხდომას არ ესწრება პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გადავადებას. შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ანტიკრიზისულ გეგმის წარდგენა მთავრობამ 24 აპრილისთვის დააანონსა.

“დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი დღეს ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი.

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება. არავის, თუნდაც ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს არა აქვთ არც მზა გამოყოფილი ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს და ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი მიიღო, რომლის საფუძველზე მუშავდება კრიზისის დაძლევის გეგმა.

“ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მოლოდინი მაქვს, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომელთაც სახლემწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, ის კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს

მასალების გადაბეჭდვის წესი