ახალი ამბები

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს

13 აპრილი, 2020 • 1220
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა სხდომის ჩანიშვნის მიზეზი საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ მთავრობის შუამგდომლობის განხილვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.

“ჩვენი მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება უკრიტიკო, არ იქნება უპირობო. აუცილებლად უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი საგანგებო ზომების შესახებ, სადაც ასახული იქნება ყველა ის დახმარების პაკეტი, მათ შორის, ცვლილებები ბიუჯეტში, რომელიც უნდა წავიდეს თითოეულ ოჯახამდე”, – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ ანტიკრიზისული გეგმის გარეშე საგანგებო მდგომაროების გამოცხადება, ფაქტობრივად, ადამიანების შიმშილისთვის გაწირვას ნიშნავს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო კარანტინის ყველა იმ ზომას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ბევრად მეტ და მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც გააჩნია უკიდურესად უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე. ამიტომ აუცილებელია, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს ეკონომიკაში. არა აბსტრაქტულად პოსტკრიზისულ პერიოდზე, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ კონკრეტულად აპრილში, თუ როგორ ეხმარება ის უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს და ბიზნესს. ასეთი გეგმა საგანგებო მდგომარეობის აუცილებელი ნაწილია, ჩვენ სამედიცინო კარანტინის ღონისძიებებს ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, მაგრამ ეკონომიკური გადარჩენის და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ახლა თუკი დადგება ასეთი საკითხი, ჩვენ საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას უპირობოდ მხარს არ დავუჭერთ. დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოდგენილი იქნება ძალიან კონკრეტული გეგმა როგორც ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს იქნება ჩვენი წინაპირობა”, – განაცხადა ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კონერიძემ.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი