“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და “ევროპული საქართველოს” განცხადებით, ძალაში რჩება მათი წინაპირობა იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.
როგორც “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, არასერიოზულია, მთავრობა ჯერ ითხოვდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას (22 აპრილს) და შემდეგ წარმოადგენდეს გეგმას (24 აპრილი).
“ჩვენ გამართლებულად მიგვაჩნია შეზღუდვები, მაგრამ ასეთი შეზღუდვები არა. მით უმეტეს, დღეს რა განცხადებაც გააკეთეს მთავრობის ადმინისტრაციში, რომ პარასკევს აპირებენ, ისაუბრონ გეგმაზე. პარასკევამდე ერთი თვე ჰქონდათ იმისთვის, რომ კონკრეტული წინადადებები წარმოედგინათ და ახლა უნდათ, რომ გააგრძელონ საგანგებო მდგომაროება და ამის შემდეგ დაიწყონ საუბარი ეკონომიკურ გეგმაზე?! ეს სრულიად არასერიოზული დამოკიდებულებაა”, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ზოგიერთი შეზღდუვა აბსოლუტურად გაუმართლებელია.
“ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ მანქანების გადაადგილების შეზღუდვაში მაშინ, როდესაც სელექციურად ვიღაცებს საშვებს აძლევენ და ვიღაცები “ჩალიჩობენ” გარეთ იმოძრაონ და ამ დროს ადამიანები სოფლებში, მაგალითად, აფთიაქში ვერ მიდიან იმიტომ, რომ არ არის აფთიაქი ფეხით მისასვლელ დისტანციაზე. სრულიად გაუმართლებელი შეზღუდვაა და არანაირი აზრი არ აქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა შეზღუდვას, იგივე ონლაინ მიტანის სერვისთან და კომენდანტის საათთან დაკავშირებით. რაღაც ტიპის შეზღუდვები მიზანს არ ემსახურება, უბრალოდ ცხოვრებას ურთულებს ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც მთავარია, გეგმას ვერ ვხედავთ, როგორ უნდა ამოიქაჩოს ეკონომიკა. ამ პირობებში ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ანტიკრიზისული გეგმისა და საგანგებო ბიუჯეტის გარეშე მხარს არ დავუჭერდით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. სამწუხაროდ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური საკითხები გამოიტანოს პარასკევს. ჩვენ არ ვიცით მისი შინაარსი, ამიტომ იძულებული ვართ, არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას. ერთდროულად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა და დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ის ასევე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რასაც ისინი მთავრობიდან მიიღებენ ქვეყნაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური გეგმის შესახებ. ლევან კობერიძის თქმით, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავად წარდგეს მოხსენებით დეპუტატების წინაშე.
“პრემიერ-მინისტრმა უნდა წარმოადგინოს ანალიზის და მოლიდინების დაალხოებითი პროგნოზი, რაც არსებობს, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვის მიმართულებით, ვინაიდან ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. მნიშვნელოვანია, ერთიანი შეჯერებული რიცხვები და პროგნოზები გვქონდეს. ერთი მხრივ, ხანდახან ძალიან ამაყად ბაქიბუქობს მთავრობა, რომ თითქმის უკვე დაამარცხა კორონავირუსი. იმავდროულად, ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე საუბარი ცოტა კითხვის ნიშნებს ბადებს, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, თუ რა არის ეკონომიკური გეგმა და ხედვა. აბსოლუტურად მიუღებელია ის მიდგომა, რომ ჯერ სესია იქნება და მერე ეკონომიკური გეგმის წარდგენა. ამიტომ დაველოდებით, ვინ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის გაგარძელების თაობაზე მოხსენებას, რა ფორმით და რა შინაარსის ინფორმაციას მივიღებთ და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი გადაწყვეტილება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კობერიძემ.
უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პატრიოტთა ალიანსი და სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე და ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვის 27 აპრილამდე გაგრძელების შესახებ. პრემიერ-მინისტრის წარდგინებისა და კონსტიტუციის 71 მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა და საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ნაცვლად 22 მაისამდე გაგრძელდა. პარლამენტში ბიუროს სხდომა ხვალ, 22 აპრილს ჩაინიშნა.
შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ანტიკრიზისულ გეგმის წარდგენა მთავრობამ 24 აპრილისთვის დააანონსა.
პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, ის კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს