ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

მმართველობითი კრიზისია და არა ეპიდემიოლოგიური – ინტერვიუ დავით გზირიშვილთან

18 აპრილი, 2020 • 7374
მმართველობითი კრიზისია  და არა  ეპიდემიოლოგიური – ინტერვიუ დავით გზირიშვილთან

როგორ მართავს ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ კრიზისს? – “ნეტგაზეთის” კითხვებს ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტი დავით გზირიშვილი პასუხობს. 


– თქვენ ახლა კარანტინში იმყოფებით მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდით. რა პირობებია საკარანტინე სივრცეში და როგორ არის დაცული უსაფრთხოების ზომები?

– კარანტინში ყოფითი პირობები ძალიან კარგია. ოთახიდან გარეთ გასვლის უფლება არ გვაქვს და არც გავდივართ, მაგრამ აივნიდან ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. საბოლო ჯამში, ჩემი აზრით, კარანტინი თავის დანიშნულებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ჯგუფმა კარანტინში მოხვედრამდე ისეთი გზა გამოვიარეთ, რომ თუ ერთმანეთის ინფიცირება შეგვეძლო, უკვე მოვახერხებდით ამას. ასე რომ, ახლა თუ ჯგუფის წევრები ერთმანეთს სიგარეტის კოლოფს გაუცვლიან აივნიდან, არა მგონია, რომ ეს იმაზე მეტ საფრთხეს ქმნიდეს, ვიდრე გზაში, სადაც არ იყო დაცული უსაფრთხოების პირობები. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავფრინდით მინსკში, მინსკიდან კი – ერევანში. ერევანში დაგვხვდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილი ავტობუსები, რომლებმაც საზღვარზე მოგვიყვანეს. როგორც ჩანს, სწორად არ იყო გათვლილი რაოდენობა, რომ ავტობუსში მგზავრებს შორის დისტანცია დაცული ყოფილიყო. საკმაოდ დიდხანს ვისხედით ჩაკეტილები ვიწრო სივრცეში და ცხადია, ერთმანეთისთვის ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოვადგენდით. ანუ გაკეთდა კარგი საქმე, მაგრამ არასრულყოფილად. 

ავტობუსით აეროპორტიდან საზღვრამდე მისვლას ოთხი საათი მოვუნდით. გზაში მხოლოდ წყალი მოგვცეს. ტუალეტი ავტობუსში არ იყო. საზღვარზე მივედით 08:00 საათზე, მაგრამ სომხეთის მხარემ გვითხრა, სიამოვნებით გაგატარებთ, მაგრამ ქართული მხარე არ აღებს საზღვარსო. ეს იმიტომ, რომ 10:00 საათზე მოდიან სამსახურში. სომხებს შევეცოდეთ და ნება დაგვრთეს, ავტობუსიდან მაინც ჩამოვსულიყავით ეს პერიოდი. 11:00 საათზე ქართველმა მესაზღვრეებმა ნება დაგვრთეს, დაგვეწყო საზღვრის გადაკვეთა. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გაუგებარია, რატომ მერეკები 8 საათზე, თუ 11-მდე არ მიშვებ? ერთი კვირით ადრე იყო ცნობილი ამ ავტობუსების მისვლაზე, დავიჯერო, სასაზღვრო სამსახურს,- თუ თავად შეგნება არ ჰყოფნის, დროულად შემოუშვას საკუთარი მოქალაქეები,- მითითება არ მისცეს შესაბამისმა უწყებებმა? ეს აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. 

– საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსის 370 შემთხვევა, 3 გარდაცვლილით. თუმცა ვიცით, რომ პიკი წინ გვაქვს. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვაკვირდებით, რამდენად მზად აღმოჩნდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიისთვის?

– გააჩნია, მზადყოფნაში რას გულისხმობთ. რა შედეგებს ველოდით და ის შედეგი დადგა თუ არა?

– შედეგების შეფასება, ალბათ, ნაადრევია. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ ვმართავთ კრიზისს…

– საქართველოში ხელისუფალსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა ჩვეულებრივ ვითარებაში იყო გაუმართავი და, მით უმეტეს, გაუმართაობა ათჯერ უფრო მეტად იჩენს თავს კრიზისისას, როდესაც სწრაფად მისაღებია გადაწყვეტილებები, არ ვიცით, რომელია სწორი გადაწყვეტილება და არ გვესმის ერთმანეთის… კრიზისს როცა ვამბობ, ვგულისხმობ არა ეპიდემიას, არამედ იმას, როგორ აბსოლუტურად არაპროპორციულად, არაადეკვატურად და ირაციონალურად ვრეაგირებთ მასზე. ამ შემთხვევაში მიზეზი არის ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე COVID-19-ის პანდემია. კორონავირუსმა უბრალოდ გამოაჩინა კრიზისი და სახეზე აგვაფარა მთელი ის გადაუჭრელი საკითხები, რომლებიც ისედაც არსებობდა მმართველობით სისტემაში. ჩემი შეხედულებით, სახეზეა არა ეპიდემიოლოგიური, არამედ სახელმწიფოს კრიზისი, საზოგადოების, ურთიერთობის კრიზისი გვაქვს. სამედიცინო თვალსაზრისით იმისთვის, რომ ითქვას, რამდენად ვართ მზად, საჭიროა გამჭვირვალობა და დიალოგი მოქალაქეებთან. მმართველი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც (პოლიტიკური ელიტისთვის, ზოგადად) ჩვენ ვართ არა მოქალაქეები, არამედ ნახირი, ცხვრის ფარა. არ გვეუბნებიან, რა დაგეგმეს და რამდენად გაართვეს თავი. მაგალითად, არავინ გვაწვდის ინფორმაციას, მშვიდად ყოფნისთვის კონკრეტულად რამდენი, რა უნდა გვქონდეს (ინფრასტრუქტურა, მოწყობილობა, ადამიანი, უნარ-ჩვევები და სხვა) – არც მე და არავის არა გვაქვს წარმოდგენა, რა უნდა ყოფილიყო და რა არის. ჩვენ იმის უნარიც არ შეგვწევს, დავაჯეროთ და ავუხსნათ ერთმანეთს, რა გვჭირდებოდა, რამდენად მოვემზადეთ და სად გვაქვს საჭიროება (ნაპრალი, სიცარიელე, რომელიც შესავსებია). 

მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ რომ ფილანტროპიის ელემენტი გაჩნდა და ბიზნესმა, საზოგადოების წევრებმა დაიწყეს ფულის გადარიცხვა StopCov-ის ფონდში. მთავრობისგან არ მოგვისმენია, რა სჭირდება მას, რას ვერ ართმევს თავს და რაში სჭირდება საზოგადოების, ბიზნესის თანადგომა. ეს არ ეხება  მარტო ფულს. უხეში ანალოგია რომ ავიღოთ, 2015 წლის სტიქიის დროს, წყალმა რომ წალეკა მთელი ზოოპარკი და გმირთა მოედანი, იმდენად თვალსაჩინო იყო, რა იყო საჭირო, რომ არავის დასჭირდა განმარტება. მოქალაქეები გავიდნენ და დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში. მაგრამ ამ სიტუაციაში ასეთ თვალსაჩინო არ არის. მაგრამ ხომ შეუძლებელია, მთავრობას ყველაფრისთვის გაერთვა თავი?! ჩამოაყალიბონ, კონკრეტულად რა ნაწილში საჭიროებენ ხელის გამართვას. ეს ხომ არ არის თვითკრიტიკა. ეს არის გულწრფელობა. მაგალითად, ვამბობ: ჩვენ გვაკლია ამ კვალიფიკაციის კადრები. შეგიძლიათ ექიმებმა, რომელთაც ახლა დიდად საქმე არ გაქვთ ამბულატორიებში, ექთნების ფუნქცია შეასრულოთ, მიხვიდეთ ინფექციურის მიმღებში, ტრიაჟში მიიღოთ მონაწილეობა,  საავადმყოფოს ექიმების ასისტენტებად იმუშაოთ? იქნებ შევქმნათ ასეთი ექიმების მოხალისეები. ხომ შეიძლება ასეთი მიმართულება გააკეთო, ანუ თქვა, რომ მე აქ მიჭირს?! როდესაც ხელისუფალს არ შეუძლია აღიაროს, რომ სადღაც უჭირს, გადასულია პრაქტიკულად დაშინებაზე – მოვა მგელი და შეგჭამთო. პატერნალისტური დამოკიდებულება აქვს. სახურავი თავზე გვენგრევა, მაგრამ ცოცხალი თავით კი არ აღიარებენ, რომ ბოძები გვაკლია ან დედაბოძი მოირყა. ამის ნაცვლად გვეუბნებიან, თქვენ ვერ გაიგეთ, მე რა საფრთხეზე ვლაპარაკობო. საფრთხეზე, რომელიც არ აუხსნიათ. ერთი მხრივ, არის ის, რომ ყველაფერი კარგად არის, ვვარაუდობთ, რომ 2000 შემთხვევას არა უშავს, 4000 მძიმე იქნება. მაგრამ გათვლით, რატომ იქნება ასე, არავინ ხსნის. 

არაადეკვატურად გამოიყურება სახელმწიფოს გადაწყვეტილებები. შეიძლება ძალიან რაციონალურია, მაგრამ არავის აუხსნია და მე არ მაქვს ვალდებულება, ჩავწვდე სიღრმეებში, რა იყო ჩაფიქრებული. მაგალითად, ვიფიქრე და ვერ გამოვიცანი, რა შეიძლება იყოს ჩადებული გუშინდელ გადაწყვეტილებაში მანქანებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით. სახელმწიფო და მოქალაქე შორდება ერთმანეთს, როცა მოქალაქეს არ ესმის, რატომ იღებს სახელმწიფო გარკვეულ გარდაწყვეტილებებს. ითმენს, სანამ არ არის მიზეზი, რომლის იქითაც დემონსტრაციულად გამოვა და დაარღვევს წესს, ანუ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს. რომ დაუდგეს ეს მიზეზი, მაგალითად, ჩათვალოს, რომ მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მერე ვერაფერი გააჩერებს. 

ასევე, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დადგენილება რომ წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ასე მარტივად გაჩნდა უფლებების ხელყოფის საფრთხე, ვთქვათ, საკუთრების უფლების. შეიძლება, ამ მავნებლობისთვის ვერ მოიცალონ ან თქვან, რომ კეთილები არიან და არ გააკეთებენ, მაგრამ საფრთხე რეალურია და მიღებული ზომები- აბსოლუტურად არაპროპორციული. 

ჩემი აზრით, კრიზისი არის ის, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, ვერ ვისწავლეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჯანდაცვის სისტემა არ არის განყენებულად მდგომი, ის არის მმართველობის ქსოვილის ნაწილი და არ იმართება განსხვავებულად, ვიდრე სახელმწიფო. ამიტომ მიწევს ამაში ჩახედვა. მმართველობის პრობლემაზე როცა ვსაუბრობ, არანაირად არ ვიშვერ ხელს მხოლოდ მმართველ ძალაზე. მათი დღევანდელი ძირითადი გამკრიტიკებელი ოპოზიცია ვინც არის, ისიც აბსოლუტურად ინფანტილური და არასერიოზულია. 

თუ შეხედავთ რუკაზე, აღმოჩნდა, რომ სადაც სახელმწიფოებრივი კულტურა არის ძლიერი, არის დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი, იქ ყოველგვარი კრიზისის და პანიკის გარეშე, ბევრად უფრო მშვიდად უმკლავდებიან პროცესებს და დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ, დაწყებული ახალი ზელანდიიდან დამთავრებული სკანდინავიის ქვეყნებით. მე მგონია, ჩვენი სიტუაცია არის მმართველობითი კრიზისი და არავითარ შემთხვევაში – ეპიდემიოლოგიური. ეს არ არის ისეთი ეპიდემია, რომელიც გაგვწყვეტს, ჯერ ის არც მოსულა და თუ მოვა, ან ვიქნებით მზად და ან არა. 

– თუმცა ხელისუფლება ამ შემთხვევაში არგუმენტად მოიტანდა სტატისტიკას, რომ აი, ჩვენთანაც დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ჩვენც კარგი რიცხვები გვაქვს…

– დიახ, ამ ეტაპისთვის ჩვენ კარგი რიცხვები გვაქვს იმიტომ, რომ ჩემდა გასაკვირად, ეს სისტემა ეპიდემიოლოგიის მიმართულებით აღმოჩდა საოცრად სიცოცხლისუნარიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს ძირითადად აღრიცხვას და ანგარიშგებას აწარმოებს. შედარებით მოსაწყენი და არაპოპულარული სპეციალობაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჯარი ადგილზეა, რაც შემთხვევითი არ არის, ამაში არის წინა ხელისუფლებების დამსახურება. ამ ჯარმა  თავისი საქმე გააკეთა, დახვდა მტერს და რამდენადაც შეძლო, არ გამოატარა და არ გაახარა. მაგრამ ეპიდემიოლოგებმაც იციან, რომ ეს დროებითი მოცემულობაა, ანუ საზოგადოებას აძლევს დროს. აქ ვართ ჩვენ ახლა. დააკვირდით, შედარებით გაწონასწორებული ამირან გამყრელიძე, უფრო ემოციური პაატა იმნაძე უკვე ვეღარ მალავენ ემოციებს, ხედავენ რა, რომ მათმა ჯარმა თავისი ფუნქცია პრაქტიკულად ამოწურა, ან ბოლომდე ვერ შეასრულებს იმიტომ რომ, მაგალითად, ტესტების რაოდენობა შეზღუდულია და ცენტრალიზებულია. ახლა იწყება ფაზა, როდესაც ბრძოლის თეატრი ეპიდემიოლოგიურიდან უფრო მეტად კლინიკურ ნაწილში გადადის. ეტყობა, ამ კლინიკურ ნაწილში ისეთი სიტუაციაა, რომ იქ ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით.

– “დარჩი სახლში” პოლიტიკის მიზანია სწორედ, ერთბაშად არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სექტორი, ამის პარალელურად, ჩანს რომ იდგმება საკმარისი ნაბიჯები თუნდაც პოსპიტალური სექტორის მოსამზადებლად? 

– არა, არ ჩანს, შეიძლება იგეგმება, მაგრამ არ ჩანს. არავინ ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოჩნდეს. არ ვარ ჩასაფრებული ადამიანი და გამიხარდება ყველაფერი კარგი, რაც ამ ქვეყანას წაადგება. მეც არ დამანახა ეს, ვისაც შეეძლო დაენახვებინა. შიდა ინფორმაცია კი, რაც მომდის ჯანდაცვის სექტორიდან, ის არაფრით მამშვიდებს, მაგრამ ამას ვერ განვაზოგადებ. ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნაც ჩამოვაყალიბოთ, რა არის: პირველ რიგში, საავადმყოფოში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს ინფექციის შიდა გადაცემის კონტროლი; უმაღლეს დონეზე უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, უსაფრთხოება. ეს არ არის მარტო სპეცჩაცმულობა და ნიღბები, არამედ პრაქტიკაც, რამდენად სწორად და ინსტრუქციის მიხედვით მოვიხმართ მათ. არავის გაუზომავს, რამდენად სრულფასოვნად ხდება უსაფრთხოების ინსტრუქციების აღსრულება. ამისთვის არსებობენ ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები საავადმყოფოებში, რომლებიც რეგულარულად უნდა აქვეყნებდნენ ანგარიშს სავადმყოფოში სტანდარტების დაცვის შესახებ. ეს არის საავადმყოფოს კულტურა, რომელიც მეეჭვება, რომ ჩვენთან არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, არ გამომზეურებულა.

მომზადების მეორე ნაწილია კლინიკური ნაწილი, რომელშიც შედის ნაკადების მართვა, პაციენტების დაშორიშორება, სწორად გადანაწილება არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ კლინიკებში, არამედ ნებისმიერში. ჩვენ თუ არაფერს გავაკეთებთ და ახლანდელივით მივუშვებთ პროცესს, პანტა-პუნტით დავკარგავთ საავადმყოფოებს, კარანტინზე დაიხურება. ჯერ არ დაწყებულა სერიოზული ბრძოლა კლინიკურ ნაწილში და უკვე ვკარგავთ ზარბაზნებს ან პოზიციებს. მეორე კომპონენტი და ყველაზე დიდი არის კადრები. სტუდენტობიდან მოყოლებული, სანიტრადაც მიმუშავია რეანიმაციაში, ექთნადაც, მერე ექიმიც გავხდი და ძალიან კარგად ვიცი, რეანიმაციაში ექთნის ფასი რა არის. ექიმმა შეიძლება თვალი მოხუჭოს, 24 საათი როცა მორიგეობს. ამის უფლებას თავს აძლევს, როდესაც იცის, რომ პაციენტთან და აპარატთან სანდო ექთანი დგას, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და მიმართოს ექიმს, როცა საჭიროება ითხოვს. ვშიშობ, რომ ჩვენ საკმარისი ექთანი არ გვყავს. ვინც გვყავს, პირველ კვირაში ისე გამოიფიტებიან გაუთავებელი მუშაობით, რომ ვეღარ იმუშავებენ. ეს ნაკლებობა კოვიდის გამო არ გაჩნდა, მოგდევს უკვე 20 წელია. 10 ექიმზე საქართველოში 9 ექთანი მოდის.

– ეს, ალბათ, იმიტომ, რომ დაბალანაზღაურებადი და დაუფასებელია ექთნის საქმიანობა…

– უამრავი მიზეზია, მაგრამ სისტემის მზადყოფნა არ იწყება პირველი კოვიდ-ინფექციის გაჩენიდან. მზაობა იწყება ბევრად უფრო ადრე. ჩვენ გაუმართავი გვაქვს ბევრი რამ ქვეყანაში და ეს გაუმართაობა ახლა ძვირი გვიჯდება. თან ამ გაუმართაობას ახლა ვერ გამართავ.

– მოკლევადიან პერსპექტივაში რა შეიძლება გაკეთდეს? მაგალითად, შესაძლებელია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მოხალისეები გადამზადნენ და მათ იტვირთონ ექთნის ფუნქციები?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ისევ და ისევ, იცით, როგორ არის? ჩვენ, სამხრეთულ კულტურებს, ძალიან არ გვიყვარს რიცხვები. ვილაპარაკებთ, რა მაგრები და ჭკვიანები ვართ, მაგრამ რიცხვებში გამოხატვა ამის არ გვიყვარს. პოეზია გვიყვარს. ამ შემთხვევაშიც შეიძლება 5 ან 20 მოხალისე სტუდენტი გადამზადდა, მაგრამ რამდენი გჭირდება, რა რეზერვი გვაქვს, დაწერილი არ გვინახავს. არ გვინახავს, რომ ეს კეთდება. მაგალითად, ვიცით, რომ ოჯახის ექიმების ონლაინ მომზადება მიდის. ექიმები, რომლებიც ამბულატორიაში სხედან, ძალიან მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ, როცა შეიძლება, გაციების სიმპტომებით ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდეს საავადმყოფოს. თუ პანიკა წავიდა, საგანგებო სიტუაცია და მანქანების გადაადგილების აკრძალვა, დამიჯერეთ, არავის ემახსოვრება. ხალხი მიაწყდება საავადმყოფოებს და ვერავინ გააჩერებს. ამიტომ ეს პოლიციური მიდგომები უცებ აორთქლდება. ძალიან მყიფეა წესრიგსა და უწესრიგობას შორის ზღვარი. ჩემს შვილს რომ რაღაც ემუქრება და ვიღაც მეუბნება, დარეკე და ვერ ვრეკავ იმიტომ, რომ გადატვირთულია ხაზები, რაღაც მომენტში ვიტყვი, რომ მე ამის ყურება მეტი არ შემიძლია და საავადმყოფოში მივდივარ. ეს მომენტი შეიძლება დადგეს. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვთვლით რაღაცებს, არ ვთვლით, რამდენი ზარის შემოსვლას ველოდებით, საათობრივად რამდენი ადამიანი დარეკავს. რამდენი არიან მოხალისე სტუდენტები. ამ ყველაფრის აღრიცხვა შესაძლებელია. 

– ფიქრობთ, რომ არ თვლიან თუ თვლიან, მაგრამ სათანადოდ არ აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას? 

– მე ეჭვი მაქვს, რომ ამ გვიყვარს დათვლა. არ ვიცით, გეგმა ბ რა გვაქვს, გეგმა გ და ა.შ. ამიტომ ვშიშობ, იქნება ძალიან ბევრი ტკივილი და გაუგებრობა. ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს როცა ვხედავ ასეთ მდგომარეობაში, ვუშვებ, რომ რაღაც ხდება ისეთი, რასაც ვერ გვეუბნებიან, ან არ აქვთ უფლება, გვითხრან და სერიოზულად ნერვიულობენ.

– თქვენ ახსენეთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ვერ შეაკავებს მოქალაქეებს პანიკის დროს. მაგრამ მანამდე რასაც ვადევნებთ თვალს, საგანგებო მდგომარეოებით გათვალისწინებული შეზღუდვები შერჩევითად მოქმედებს.

ეს ცალკე თემაა და კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შვეიცარიაში ყოფნა და ამჯერადაც შვეიცარიაში ვიყავი. მაქვს ერთი ბილეთი. უცებ მესმის, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლას ხურავენ. კარგი, ავიღე მეორე ბილეთი, “ეარ ფრანსის” იმ იმედით, რომ თუ “ეარ ფრანსმა” “გადამაგდო”, პარიზის რეისზე დაფრინავს ქართული კომპანია “აირზენაც” და გავყვები. ესეც, ეს გზაც გადამიჭრა მთავრობამ – საჰაერო სივრცე დახურა (კომერციული რეისებისთვის) მეორე დღეს. სახელმწიფო თვლის, რომ მე, საქართველოს მოქალაქე, წარმოვადგენ საფრთხეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ცდილობს, მანდ არ გამოვეშურო. ასეთ დროს ვხედავ მსჯელობას, ერთი კოვზით ზიარება დასაშვებია თუ არა. ეს იცით, როგორი ცინიზმია ჩემნაირი ადამიანისთვის? არ აქვს მნიშვნელობა, რა მწამს და რა არა. ეს არ არის თეოლოგიური თემა, ეს არის მოქალაქის მიმართ აბსოლუტურად აგდებითი დამოკიდებულება. ჩემთვის უსამართლობის ეს განცდა დაიწყო იმ მომენტიდან. ერთი მხრივ, მე მიმიჩნევ საფრთხედ და არ მიშვებ ქვეყანაში, მეორე მხრივ კი, არ ანეიტრალებ თვალსაჩინო საფრთხეს. ჩვენ გვგონია, რომ სეკულარული სახელმწიფო ვართ, მაგრამ არა ვართ. ეპიდემია როცა გაივლის, დარჩება კითხვა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? თეოკრატიული ირანის მსგავსი, ოღონდ მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო ვართ თუ არა? თუ არ ვართ, საიდან დასტურდება? დავარქვათ ქვეყანას თავისი სახელი, იმიტომ, რომ ეს გაუგებრობა უფრო სერიოზული საფრთხეა ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის, ვიდრე ვირუსი. მე სერიოზული შიში მაქვს, რომ სერიოზული გამოწვევის დროს, რაღაც ლოგიკით, ეკლესიამ შეიძლება ამოატრიალოს ნავი, რომელშიც ჩვენ ვსხედვართ, ნებსით თუ უნებლიეთ. ჯერჯერობით ეკლესია ყველაზე დიდი ნდობით მოსარგებლე ორგანიზაციაა, რომელიც აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. ქვეყნის შიგნით ან გარეთ რა ძალას შეუძლია ამის გამოყენება მისი მიზნებისთვის, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე რუსული ტანკი თბილისიდან 40 კილომეტრში. ამ თემას  თუ არ დავუბრუნდებით, ღმერთმა არ ქნას, რომ უფრო სერიოზული ეპიდემია ან საფრთხე გაჩნდეს. ეკლესიას შეუძლია ხელისუფლების რაციონალური ზომების პარალიზება, თუ ჩათვლის რომ არ არის სწორი. მე ამ საფრთხეს ვხედავ ყველაზე მეტად. ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ პანიკა გვმართავს და ამისთვის არ გვცალია, მაგრამ უნდა მოვიცალოთ.

– საქართველოდან მსოფლიოზეც გადავიდეთ. მსოფლიოს ლიდერების და მედიასაშუალებების ნაწილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ინფორმაციის დამალვასა და კრიზისის არასწორ მენეჯმენტში სდებენ ბრალს. აშშ-ის პრეზიდენტმა WHO-ს დაფინანსებაც შეუჩერა. სამართლიანია ეს კრიტიკა? 

– კრიტიკა ყოველთვის საკმაოდ სამართლიანია, მაგრამ ზომები, რაც ამ კრიტიკას მოჰყვა – არაპროპორციული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის იმ გენეტიკური მასალისგან დამზადებული, რომლისგანაც დამზადებულია გაერო. ეს არის ძალიან მძიმე საერთაშორისო ბიუროკრატია. კიდევ კარგი, არ ვარ იმ მდიდარი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აფინანსებს ამ ოჯახს. ჯანმოს საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ის უნდა არსებობდეს თუ არა და რა ფორმით, არის ის თემა, რომელზეც შეიძლება უამრავი საუბარი იყოს. მიმაჩნია, რომ თუ იარსებებს, მისი ფუნქციების მხოლოდ 10% უნდა დარჩეს, აქვს რაღაც უნიკალური როლი, რასაც შეუდარებლად აკეთებს, მაგრამ დანარჩენს თავი უნდა დაანებოს, ისევე, როგორც გაერო-ს უამრავ სხვა ორგანიზაციას. მაგრამ როცა სახელმწიფო თავის უუნარობას აბრალებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, სამარცხვინოა. ამერიკის შეერთებული შტატები ან რომელიმე ევროპული სახელმწიფო თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაფრთხილების იმედად არის და თავად არ ადევნებს თვალს სიტუაციას, ეს არის წარმოუდგენელი აბსურდი და არასერიოზულია. სხვა ტიპის თამაშია, რაც ახლა ხდება და აბსოლუტურად არაადეკვატური. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააგვიანა თუ არ დააგვიანა, ფაქტია, არაერთი ქვეყანა – იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი – არაადეკვატურად მოიქცა, მაგრამ მათ სინდისი ეყოთ და არ აბრალებენ WHO-ს. ამ კონფლიქტში მიმაჩნია რომ აბსოლუტურად უსამართლო და არაადეკვატური იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამოკიდებულება, მით უმეტეს, თავად ეს პრეზიდენტი ერთი თვის წინ შაყირობდა კორონავირუსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ძირს უთხრის ამერიკის, როგორც სამართლიანობის და თავისუფლების ფლაგმანის და ეტალონის როლს. 

თქვენი აზრით, რა გაკვეთილს გამოიტანს მსოფლიო კორონავირუსის პანდემისგან და რა მიმართულებებით უნდა ველოდოთ მიდგომებისა და პოლიტიკის ცვლილებას?

–  დიდი სახელმწიფოები ისარგებლებენ იმისთვის, რომ ძალაუფლების ცენტრები გადანაწილდეს. მაგალითად, ჩინეთს აქვს სტრატეგიული გათვლების ათასწლოვანი კულტურა. ეს მოჰყვება დღემდე, კომუნისტები მართავენ თუ სხვები, მნიშვნელობა არ აქვს. მე მეჩვენება, რომ ჩინეთი აქედან მაქსიმალურ სიკეთეს მიიღებს. იქნებიან სხვა მოგებული ქვეყნები და წაგებული ქვეყნები ძალაუფლების გავლენის გადანაწილებაში. მეტად ვერ განვავრცობ, რადგან არ ვარ ამის სპეციალისტი. ჯანდაცვის სფეროს რაც შეეხება, მოწინავე დასავლეთის ქვეყნების უპირობო უპირატესობის მითი, და დანარჩენ, განვითარებად ქვეყნებზე ზემოდან მაცქერალის პოზიდან ჭკუის სწავლების პრატქიკა, უპირატეს პოზაში დგომა, განვითარებული და განუვითარებელი ქვეყნების, მათი უნარების კასტური დაყოფა შეიცვლება, შავი და თეთრი წაიშლება, ვინაიდან ეპიდემიამ აჩვენა, რომ არ ყოფილა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი მოწოდების სიმაღლეზე ჯანდაცვის სისტემის გამართულობის თვალსაზრისით (რისიც გულწრფელად სჯეროდათ). ისინი გამოვლენ სტერეოტიპებიდან და დაიწყებენ ფიქრს. ამ ქვეყნებს აქვთ იმის უნარი, რომ რაღაცები გადასინჯონ, შეიძლება არა ისე, როგორც ბრიტანელებს ან  გერმანელებს, მაგრამ აქვთ. გამოიტანენ თავიანთ დასკვნებს და ცვლილებებს განახორციელებენ. ჩვენნაირი ქვეყნები გამოვიტანთ თუ არა დასკვნებს, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ახლაც, ეპიდემია როცა გაიზრდება, ეს არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე რესპირატორული დაავადებები; არ იქნება იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე ყოველ წელიწადს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მაგრამ მე ასეთ თემებზე რაციონალური წუხილი საზოგადოებაში არ მინახავს. არ მინახავს იმის ანალიზი, რატომ იღუპება სამტრედია-ქუთაისის გზაზე ამდენი ადამიანი. არ ვარ ეთნოფსიქოლოგი, მაგრამ პირადად რასაც აღვიქვამ, ამას ვამბობ, ჩვენ აყოლილები ვართ ემოციებს. ფიქრში არათანმიმდევრულობა გვახასიათებს და ეს არათანმიმდევრულობა მაშინებს. ფიქრს მალევე გადაფარავს ახალი ემოცია. დაგვავიწყდება და რაღაცაზე გადავერთვებით. ვფიქრობ, ამიტომ სერიოზულ გაკვეთილებს ვერ გამოვიტანთ. ან ვიტყვით, რომ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მერე რიცხვებს არ დავდებთ. ამიტომ არ ვარ დიდად ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ჩვენც ისეთ ნახტომს გავაკეთებთ ამ სიტუაციიდან, როგორც გააკეთებენ რეგიონის სხვა ქვეყნები. 

ამავე თემაზე

Covid-19: მკვეთრი ზრდა ჯერ არ გვაქვს – ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი