ახალი ამბები

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

12 მარტი, 2020 • 1288
რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

ოპოზიციური პარტიები საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად მკვეთრი ზომების მიღებას სთავაზობენ.

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულმა ბანკებთან ერთად უნდა შეადგინოს სპეციალური გეგმა, რაც ყველა საწყის ეტაპზე იმ ინდუსტრიების აღრიცხვას გულისხმობს, რომლებიც პირველ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებენ.  ხაზარაძის თქმით, ამ სექტორებისთვის საკმაოდ სერიოზული რეფინანსირებისა და შეღავათების პაკეტის შეთავაზება უნდა მოხდეს.

“ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობაში სახელმწიფოს ჩართულობით, ეროვნული ბანკის ჩართულობით საჭიროა შეიქმნას ერთმილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც გადაატანინებს ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას.

შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივა და ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრება საგადასახადო სიმძიმე, მოხდეს საგადასახადო შეღავათების შემოტანა. იმედია, მთავრობა ფიქრობს ამაზე და ველოდებით მათ ნაბიჯებს. დღეს ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ჩამოიშალოს ეკონომიკა და არ დაზარალდეს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრია,” – აცხადებს ხაზარაძე.

ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას “ევროპული საქართველოც ითხოვს. პარტიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოამზადეს პაკეტი, რაც აპრილიდან საშემოსავლო გადასახადის 20%დან – 17%მდე შემცირებასა და ქონების
გადასახადის განახევრებას გულისხმობს.

“ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%-ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში. მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას.

საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით,”-აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.

კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად მთავრობას კონკრეტულ ნაბიჯებს “ნაციონალური მოძრაობაც სთავაზობს. ენმ-ს გეგმაც საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტია მთავრობისგან მოითხოვს ტურიზმის სექტორი გადასახადების ნაწილისგან 2020 წლის ბოლომდე გათავისუფლდეს და დაგროვილი თანხა შემდეგ წელზე გადაუნაწილდეს:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ ნული პროცენტით;
  • დღგ-სგან განთავისუფლდეს ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ათასი ლარისა;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე;
  • მთავრობამ მოახდინოს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და შეამციროს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, არანაკლებ 300 მილიონი ლარის ოდენობით, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო;
  • ლარის კურსის გაუფასურებისა და ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით შეამციროს კომერციული ბანკების რეფინანსირების სესხების მოცულობა.

დღეს, 12 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე მისცა დრო ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარსადგენად. გახარიას თქმით, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება 13 მარტიდანვე დაიწყება.

12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, რამდენიმე დღეა, მკვეთრად უფასურდება ეროვნული ვალუტა ლარი. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ტურიზმის სფეროს წარმოამდგენლება ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, ეპიდემიის გამო შემცირებულია ტურისტების რაოდენობა, რაც მათ შემოსავლებზე პირდაპირ აისახება უარყოფითად.

მასალების გადაბეჭდვის წესი