ახალი ამბები

ხალვაშის პრესსამსახური: იმედი გვაქვს, სასამართლო გვარამიას ზეწოლას არ დაექვემდებარება

1 ოქტომბერი, 2015 •
ხალვაშის პრესსამსახური: იმედი გვაქვს, სასამართლო გვარამიას ზეწოლას არ დაექვემდებარება

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ დააყადაღა “ტელეკომპანია საქართველოს” 100%–იანი წილი. ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2–ის” 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ მყიდველს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის” 6 მილიონი აშშ დოლარი გრაფიკით უნდა ჩაერიცხა. 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2–ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დახურვის მცდელობად შეაფასა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ “რუსთავი 2”, ფაქტობრივად, დახურა. 

 

ქიბარ ხალავშის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამია თავისი განცხადებებით ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ქიბარ ხალვაშს არ სურს ტელეკომპანია გაჩერდეს და ჟურნალისტებმა სამუშაო დაკარგონ. 

 

“მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა კიდევ ერთხელ სცადეს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირადპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების „მოლარის“ დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას.

 

პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან  ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ  სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე.

 

იმედი გვაქვს,  ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს  ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას.

 

გვსურს,საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ თემაზე გავამახვილოთ. გვარამია ბოლო დროს ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც  ცხადს ხდის ვერაგულ ჩანაფიქრს – მას და მის თანაგუნდელებს ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე.

 

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ გაჩერდება და არც ერთი, ვიმეორებთ, არც ერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ  ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი,   ნორმალური, მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები,”– ნათქვამია გამცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი