როგორც ყოველდღიური ბრიტანული გაზეთი წერს, ექსპერიმენტი 2015 წლის თებერვალში შვედეთის ერთ-ერთ თავშესაფარში დასაქმებულ ექთნებზე ჩატარდა. გამოცემის ცნობით, 8 საათის ნაცვლად, ისინი 6- საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ, თანაც ისე, რომ ხელფასი არ შეუმცირდათ.
6-თვიანი ექსპერიმენტის შემდეგ ექთნები შინ ნაკლებად დაღლილები და უფრო ენერგიულები ბრუნდებოდნენ. The Guardian-ის ცნობით, ეს ზრდიდა მათ მზრუნველობას თავშესაფარში მყოფების მიმართ. მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ ექსპერიმენტი მოკლე პერიოდს მოიცავდა, თუმცა ნიშნები იმისა, რომ მედპერსონალის პროდუქტიულობა იზრდებოდა, ცხადი იყო.
“გამუდმებით გადაღლილი ვიყავი, სახლში მოსვლისთანავე სავარძელში ჩავეშვებოდი და ვიძინებდი. ახლა უფრო მეტი ენერგია მაქვს ჩემი სამსახურისა და ჩემი ოჯახისთვის,” – ამბობს 41 წლის ლიზა-ლოტე პიტერსონი, რომელიც სვარტედალენსის თავშესაფარში მუშაობს.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მალევე სხვა შვედურმა კომპანიებმაც შეამცირეს დღის განმავლობაში სამუშაო დრო. ერთ-ერთი მათგანი გოტენბერგში ”ტოიოტას” სერვისცენტრიცაა. იქ მომუშავე პერსონალი ამბობდა, რომ ასე გაცილებით მარტივი იყო დაებალანსებინათ დრო ოჯახსა და სამსახურს შორის.
როგორც გამოცემა წერს, ცვლილებები კომპანიის ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზეც აისახა. გოტენბერგში, ტოიოტას სერვის ცენტრის დირექტორმა, მარტინ ბენკმა The Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამუშაო გრაფიკი შემცირდა, კომპანიის მოგება 25%-ით გაიზარდა.
BBC-ის ცნობით, სამხრეთ კორეის მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ კვირის სამუშაო საათების 44 საათიდან 40 საათამდე შემცირება და შაბათ დღეს დასვენება მხოლოდ გაზრდიდა მომსახურე პერსონალის სტრესს და არ მოიტანდა არანაირ ბედნიერებას. “მთავარი გასაღები იმისა, რომ მოკლე სამუშაო დღე აქციო უფრო წარმატებულად, იმის გაანალიზებაში მდგომარეობს, რომ ეს ექსპერიმენტი ყველა კომპანიისთვის თანაბრად წარმატებული ვერ იქნება,” – წერს ბრიტანული გამოცემა.