ახალი ამბები

რეესტრი: TV საქართველოს შესაძენად ხარვეზის გამოსასწორებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ

1 ოქტომბერი, 2015 • 1211
რეესტრი: TV საქართველოს შესაძენად ხარვეზის გამოსასწორებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ

კერძოდ, მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს “ტელეკომპანია საქართველოს” საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge).

 

“გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს “ტელეკომპანია საქართველოს” პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი – შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს “ტელეკომპანია საქართველოს” საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა – შპს “ტელეკომპანია საქართველოს” კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება. ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს,”– ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


რეესტრის განცხადებით, ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა “ტელეკომპანია საქართველოს” 100%–იანი წილი. 

 

ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2″–ის 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალ მეპატრონეს ეს თანხა ტელეკომპანიისთვის გრაფიკით უნდა ჩაერიცხა.


ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით მას ტელეკომპანია წაართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი