ახალი ამბები

კეკელიას მრევლი ლიტანიობისთვის 2 000 ადამიანზე გათვლილ სივრცეს ამზადებს

15 აპრილი, 2020 •
კეკელიას მრევლი ლიტანიობისთვის 2 000 ადამიანზე გათვლილ სივრცეს ამზადებს

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის სტიქაროსნები და მრევლი, სპორტსმენების ჩათვლით, სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის ტაძრის გვერდით მდებარე სემინარიის ყოფილ შენობას ასუფთავებენ.

“რუსთავი 2” ესაუბრა ტაძრის წინამძღვარს, შალვა კეკელიას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა იდეა, მრევლი სააღდგომო ლიტანიობაზე 21:00 საათამდე მივიდეს და ტაძარი 06:00 საათის შემდეგ დატოვოს, რათა კომენდანტის საათი არ დაირღვეს. საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მღვდელმსახურმა “იჩქარა”, მისი პოზიცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და ეს მიდგომა არ წარმოადგენს “სახელმძღვანელო ინსტრუქციას”. შალვა კეკელიას თქმით, მას პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა საპატრიარქოს ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე “ვერ ამბობს”, რა ფორმით ჩატარდება ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს.

“ჩვენ აღდგომადღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2 000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ და დასძინა, რომ ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს,  ბუნებრივია, დაჯარიმდება.

“ამიტომ ითქვა, რომ 21:00-დან 06:00-მდე არის კომენდანტის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს და ვიღაცამ ეს კანონი დაარღვიოს”, – განაცხადა კეკელიამ.

ძიუდოიუსტი გურამ თუშიშვილი ამბობს, რომ მოძღვრის კურთხვევით, ვაკის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი აღდგომის ყველა დღესასწაულზე ასუფთავებს ეკლესიის ტერიტორიას. დასუფთავების სამუშაოებში ჩართულია მეორე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანიც.

“ვამზადებთ იმისთვის, რომ წირვისთვის იყოს უფრო მეტი ადგილი, ვიდრე აქამდე იყო და ხალხს შეეძლოს თავისუფლად დასწრება, რა თქმა უნდა, იმ დისტანციით და იმ რეგულაციებით, რომელსაც სახელმწიფო აწესებს. ჯერ არ ვიცით ზუსტად, ჩატარდება თუ არა ღამისთევა ხალხის დასწრებით. ამაზე ველოდებით ინფორმაციას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვამზადებთ, რათა მინიმუმ 2 000 კაცი მაინც დაეტიოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – განაცხადა მან.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. ამ დრომდე უცნობია, როგორ დარეგულირდება კომენდანტის საათის დროს სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების საკითხი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც 3-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ეკლესიებში მრევლთან ერთად საჯარო მსახურების წესი არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.

პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა, დიდ ტაძრებში კი შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

“ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებ. მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება”, – განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი