ახალი ამბები

21:00 საათამდე მოვლენ და 06:00-ზე წავლენ – დეკანოზის ხედვა სააღდგომო ლიტურგიაზე

2 აპრილი, 2020 • 2487
21:00 საათამდე მოვლენ და 06:00-ზე წავლენ – დეკანოზის ხედვა სააღდგომო ლიტურგიაზე

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია შესაძლებლად მიიჩნევს, კომენდანტის საათის პირობებში მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე 21:00 საათამდე მივიდეს და ეკლესია 06:00 საათის შემდეგ მერე დატოვოს.

“ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ღალატობს იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის. მისმა უწმინდესმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, წესები უნდა დავიცვათ. თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?!

ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ”, – განუცხადა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია “ფორმულას”.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, იგივე მოსაზრება აქვთ თუ არა საქართველოს საპატრიარქოში. საპატრიარქოს პრესსპიკერ ადნრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოში არ ყოფილა მსჯელობა, რა სახით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როცა ამის დრო მოვა, მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს თავად გააგებინებს.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც, ტრადიციულად 23:00 საათზე იწყება. პატრიარქ ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს ეძლევა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა.

„ლიტურღიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მარტო სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, დიდ საკათედრო ტაძრებში კი — შეზღუდული რაოდენობით მრევლიც“, – წერს ილია II პირველ აპრილს გავრცელებულ მიმართვაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმედებს, აღდგომა კი მიმდინარე წელს 19 აპრილს აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი