ნეტგაზეთი | “მან იჩქარა” – ჯაღმაიძე კეკელიას ინიციატივაზე აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით “მან იჩქარა” – ჯაღმაიძე კეკელიას ინიციატივაზე აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით – Netgazeti
Batumelebi | RU

“მან იჩქარა” – ჯაღმაიძე კეკელიას ინიციატივაზე აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, ნაადრევად ნუ გააკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

“ესეც არის რეკომენდაცია და ლოცვა-კურთხევა ყველა სასულიერო პირის მიმართ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, რომ ამან სხვა რაღაც გაუგებრობები არ გამოიწვიოს. მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება ყველაფერზე.

ჩვენ დღეს, ერთი მხრივ, უნდა  გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, მეორე მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებრივ ძირითად ცნებებს, ამიტომ ძალიან  რთულ ვითარებაში ვართ და სიფრთხილე გვმართებს განცხადებების გაკეთების დროსაც”, – განაცხადა საპატრიარქოს პრესპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზის აზრით, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა იჩქარა, როდესაც თქვა, რომ შესაძლებელია, კომენდანტის საათის პირობებში მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე 21:00 საათამდე მივიდეს და ეკლესია 06:00 საათის შემდეგ მერე დატოვოს. იგულისხმება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზი შალვა კეკელიას განცხადება, რომელიც ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მისი თქმით, ეს მიდგომა არასწორია და არ წარმოადგენს სახელმძღვანელო ინსტრუქციას.

“ჯერჯერობით არ ვიძლევით განმარტებას, როგორ იქნება. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. კარგად გვახსოვს პრემიერის კომენტარი, რომ ყველაფერს იღონებენ, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს. ჩვენც ამ იმედით ვლოცულობთ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ შევძლოთ საზეიმო მსახურება და ამით არაფერი არ დავარღვიოთ”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

21:00 საათამდე მოვლენ და 06:00-ზე წავლენ – დეკანოზის ხედვა სააღდგომო ლიტურგიაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.