ახალი ამბები

სააღდგომოდ ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები ჩაიკეტება, დანარჩენები ჯერ უცნობია

15 აპრილი, 2020 • 21357
სააღდგომოდ ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები ჩაიკეტება, დანარჩენები ჯერ უცნობია

ქუთაისის 13 და ზესტაფონის 3 სასაფლაო სააღდგომოდ დაიკეტება.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” 15 აპრილს განუცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ. მისი თქმით, კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოების დროებითი დახურვის თაობაზე, თუმცა რეგიონებში შექმნილია ადგილობრივი სამუშაო ჯგუფები, რომელმაც მასზე დელეგირებული უფლებების ფარგლებში გადაწყვიტა იმ სასაფლაოების ჩაკეტვა, სადაც მოქალაქეთა ჭარბი ნაკადი შეიმჩნევა.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები 3 დღით ჩაიკეტება (შაბათიდან ორშაბათის, ან კვირიდან სამშაბათის ჩათვლით).

საქართველოს მთავრობას სასაფლაოების დახურვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიდგომა ყველა მუნიციპალიტეტში ერთიანი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელის თბილისის მერიაც.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 14 აპრილს განაცხადა, რომ სააღდგომოდ მთავრობა საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე სიარულის აკრძალვას განიხილავს.

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში, რომ შეიძლება გავხდეთ იძულებულნი და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე.

ხვალიდან 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი