ნეტგაზეთი | ეკლესია და ხელისუფლება – ხალხი ელიტარული ბანდების მსხვერპლია | ბასილ კობახიძე ეკლესია და ხელისუფლება – ხალხი ელიტარული ბანდების მსხვერპლია | ბასილ კობახიძე – Netgazeti
RU | GE  

ეკლესია და ხელისუფლება – ხალხი ელიტარული ბანდების მსხვერპლია | ბასილ კობახიძე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომ ეკლესია არ დაიხურება და მოქალაქეების სიბრძნის იმედი აქვს, არის ხალხზე პასუხისმგებლობის გადაბარება, რაც არსებულ სიტუაციაში დანაშაულს უტოლდება;

ეკლესიის სიჯიუტე და უმოქმედობა კი რამდენიმე კომპონენტით შეიძლება ავხსნათ: ეკლესიის არადემოკრატიულობით, „მეორედ მოსვლის“ მითოსითა და ფანატიზმით და პატრიარქი ილია II-ის პირადი შურისძიებით „ციანიდის საქმის“ გამო;

ეს არის „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს მოკლე შეჯამება მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილ მღვდელთან, ბასილ კობახიძესთან.

ბასილ კობახიძემ 2006 წელს დატოვა მართლმადიდებელი ეკლესია. ბოლო პერიოდში ის კვლავ გამოჩნდა საჯარო სივრცეში, როგორც საპატრიარქოს მწვავე კრიტიკოსი. „ნეტგაზეთი“ მას პრემიერ-მინისტრის ბოლო ბრიფინგის შემდეგ ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

  • პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეკლესია არ დაიხურება და მოქალაქეების სიბრძნის იმედი აქვს… რა მესიჯია ეს საზოგადოებისთვის? რას უჩვენებს?

ეს განცხადება სხვა, ჩვეულ სიტუაციაში, პოლიტიკური პირმოთნეობა იქნებოდა, რაც ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა, ზვიად გამსახურდიას გამოკლებით. დღეს კი, იმ პირობებში, რაშიც მსოფლიო და საქართველოა, ეს ბრიფინგი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს, უბრალოდ, საშინელება იყო – საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის გაწირვა.

გიორგი გახარია არის აბსოლუტურად შეუფერებელი თანამდებობისთვის, მით უმეტეს, ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში. ის სრულიად უსუსურია და დემაგოგიით ცდილობს გადაფაროს ეს უუნარობა, რაც, პანდემიის პირობებში, დანაშაულში თანამონაწილეობაა. ამ დანაშაულს სჩადის საქართველოს ეკლესია – ხოცავს მრევლს და მოქალაქეებს.

აქ ერთადერთი ხსნა უნდა ყოფილიყო სახელმწიფო, ხელისუფლება, რომელიც, როგორც გამოჩნდა, არ გვყავს. მოსახლეობა კი ამ ორი ელიტარული ბანდის პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი უნდა გახდეს…

  • ეს განცხადება გაკეთდა წინა დღით საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ… ეს რაზე მეტყველებს?

გახარიას გუშინდელ ბრიფინგში არაერთი პრობლემური საკითხი იყო, – მათ შორის ის, რომ თურმე საქართველო „მართლმადიდებლური სახელმწიფო“ ყოფილა, რაც ასევე განსახილველია, – მაგრამ ჩვენ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ამის შეფასებაზე და უნდა დავინახოთ ის რეალური ფაქტები, რამაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამოიწვია ეს ბრიფინგი.

საპატრიარქოში შეხვედრამ, – და მე წარმომიდგენია, რომ სხვა შეხვედრებიც იყო მანამდე, – არანაირი შედეგი არ დააყენა, გახარიამ და მისმა მინისტრებმა ვერანაირი არგუმენტი ვერ წარუდგინეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომ მას შეეწყვიტა მასობრივი დავირუსება.

სრულად დამარცხდა გახარია და დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ ბოხი ხმით აცხადებს საგანგებო მდგომარეობებს მთელ ქვეყანასა და სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ეს არსად არ მუშაობს, რადგან ეკლესია აგრძელებს მრავალრიცხოვან თავყრილობებს.

ეს კარგად გამოჩნდა ბზობაზე, მათ შორის სამების ტაძარშიც, სადაც არანაირი დისტანცია არ იყო დაცული. ყველას შეეძლო პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი ამ საშინელი კადრებისთვის…

  • თქვენს პირველ ვიდეომიმართავში ხაზი გაუსვით, რომ აღდგომაზე სწორება არ არის გონივრული, რადგან მანამდეც ბევრი დღესასწაულია და არც შაბათ-კვირის წირვებია დასავიწყებელი…

დიახ, ასეა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არის ფიქცია და ჩვენ ვცხოვრობთ აბსურდში. გამოვდივართ, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც თითქოს აცხადებს საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინს, თუმცა რეალურად არ იცავს. ოფიციალურ ბრიფინგებზე მინისტრები გვატყუებენ, ვითომ იცავენ კარანტინს.

ეკლესიის მოქმედებებით ოდნავ დაინტერესებული ადამიანიც კი შეამჩნევდა, რომ სახელმწიფომ დიდი ხანია დაიწყო კონსულტაციები ეკლესიასთან, თუმცა ეკლესიამ პირველივე ეტაპზე მიაყენა დარტყმა და სახელმწიფომ იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა. უბრალოდ, მოსახლოებას ატყუებდა, რომ „კონსულტაციები გვაქვს“ და ამიტომაც გადაიტანა მთელი ყურადღება აღდგომაზე, თითქოს მხოლოდ აღდგომის წირვაზე დავირუსდება ხალხი და ბზობის, დიდი ხუთშაბათის თუ ხარების წირვაზე – არა.

ამასთან, ეკლესია ხომ აღდგომის შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას? ეკლესიაში სულ დღესასწაულებია, სულ მრავალრიცხოვანი თავყრილობებია… სახელმწიფო კი მხოლოდ ერთ რამეს ეხვეწებოდა, დილას გადაეტანა აღდგომის წირვა და არ დაერღვია კომენდანტის საათი, რომ ამათ შეძლებოდათ, მოსახლეობისთვის გულში მჯიღის ცემით ეთქვათ, რომ „ჩვენ კომენდანტის საათი დავაცვევინეთ ეკლესიას“, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ადამიანები ღამით დავირუსდებიან თუ დღისით.

ამას ემატება კიდევ ერთი დიდი კატასტროფა, რაზეც მონოპოლია უჭირავს ეკლესიას – ეს არის აღდგომის შემდეგ საფლავებზე გასვლა…

  • თუმცა ამაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ფიქრობენ აკრძალვას…

ბატონი გახარიას რიხიანი განცხადებების მიუხედავად, აქაც კი საპატრიარქომ უკვე განაცხადა, ამასაც ჩვენ გადავწყვეტთო. ტელევიზიებში არაერთი განცხადება გავიდა ამაზე. გახარიამ კი თქვა, სასაფლაოები მუნიციპალურია და ჩვენიაო – ხავსს მოეჭიდა, მაგრამ ამასაც კი დაადო ეკლესიამ თავისი თათი.

ერთი სიტყვით, სრული ფიასკოა და ეს ფიასკო შემაძრწუნებელ კატასტროფადაა ქცეული. კანონმორჩილი მოქალაქეები, მშიერი მოქალაქეები, სხედან სახლში, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ, არ დაინფიცირდნენ და სხვები არ დააინფიცირონ, მრევლი და ეკლესია კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაიწყო სასულიერო პირების დაინფიცირება, მაინც მსახურებენ…

  • თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესიის ამ სიჯიუტეს აქვს რაიმე ლოგიკური საფუძველი?

აქ არის ორი ლოგიკა: თქვენ როდესაც მეკითხებით ლოგიკაზე, მეკითხებით ადამიანურ ლოგიკაზე, არისტოტელეს ლოგიკაზე, რაც, რა თქმა უნდა, ეკლესიას არ აქვს.

მაგრამ ეკლესიას უკვე მრავალი წელია თავისი, ყოვლად არაჯანსაღი ლოგიკა აქვს. მე ამ ლოგიკას ვიცნობ, თვითონაც ვიყავი გამზიარებელი… თუმცა, როდესაც ხალხის მასობრივ ხოცვაზეა საუბარი, ვერც მათი ლოგიკით ვპოულობ იმ არგუმენტებს, რასაც ისინი იყენებენ, რომ ასეთი ფანატიკური სიჯიუტით იდგნენ თავისაზე… ერთადერთი ახსნა ჩემთვის, პირადი გამოცდილებიდან, შემდეგია:

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეკლესია დემოკრატიული ორგანიზაცია არ არის. ეს არის მონარქიული, იერარქიული ორგანიზაცია. არ გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ, უამრავი მღვდელი მწერს სოციალური ქსელებით, გვეშინია და იქნებ შენ ამოიღო ხმა, ჩვენც გვადარდებსო; ოჯახები გვყავს, მოხუცი მშობლები გვყავს, მაგრამ ხელთათმანები ვერ ჩაგვიცვამს და პირბადე ვერ გაგვიკეთებია ჩვენს ტაძრებში, რადგან ეპისკოპოსი გაიგებსო, – რადგან იქ ენატანიობა ძალიან გავრცელებულია…

აქ ერთი ის მომენტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საშინელება ხდება ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც დაიწყო აფეთქება, ჩვენი ეკლესიის წევრები გონებადახურული ხალხია და ფიქრობენ, რომ იმდენად არ შემოვა აქ.

ამას ხელს უწყობს სახელმწიფოც, რომელიც არ საუბრობს მკაცრად. ამას ხელს უწყობენ ჩვენი ეპიდემიოლოგებიც, რომლებიც რბილ რეკომენდაციებს იძლევიან და ეშინიათ პირდაპირი და კატეგორიული განცხადებების…

მეორე საკითხია მეორედ მოსვლის ისტერია, რამაც ჩვენთან რელიგია დიდი ხანია ჩაანაცვლა, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი ნერგავს. ახლა გახარებულებიც არიან, რომ „როგორც იქნა, მეორედ მოსვლა დგება და პანდემია არის ნიშანი“… მეორედ მოსვლის ქვაკუთხედი არის, რომ ილია II არის ბოლო პატრიარქი და იმის შემდეგ აღარაფერი არ იარსებებს, მათ შორის, აღარც საქართველო.

მესამე არის პატრიარქის პირადი ემოციები და კაპრიზები, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეკლესია არა მხოლოდ მონარქიული ორგანიზაციაა, არამედ, განსხვავებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისგან, საქართველოში არის როგორც სტალინის, ისე პატრიარქის კულტი. პიროვნების კულტია. ხალხი მას თითქმის ღმერთად, არაამქვეყნიურ არსებად აღიქვამს…

მას არ მოეწონა, როგორ განვითარდა ციანიდის საქმე, რადგან ამან გააშავა მისი მემკვიდრე უფლისწული, ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი, მოხდა მისი დისკრედიტაცია. ამიტომ ის გაავებულია ხელისუფლებაზე და ახლა შურს იძიებს. ახლა მას აქვს ძალაუფლება. არცერთ სხვა სახელმწიფოში [მართლმადიდებლური უმრავლესობით] არ არის ისე, რომ ეკლესია იყოს სახელმწიფო სახელმწიფოში.

იკითხავთ, კი ბატონო, შურს იძიებს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე? მე ჩემი მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე გეტყვით, რომ დიახ. ის არის ასეთი ადამიანი, რომ შეუძლია ამის გაკეთება.

  • რა შედეგი ექნებოდა ეკლესიისთვის, რომ ახლა ხალხისთვის მოეწოდებინა, სახლებში დარჩნენ და თავშეყრისგან თავი შეიკავონ? შეიძლება ეს სიჯიუტე იყოს მრევლის დაკარგვის შიშზე დამყარებული?

არა. ეს ასე არ არის. ეს მოსაზრება ჩემთვისაც ცნობილია, თუმცა ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გამართლებას ისახავს მიზნად და მის მხარდამჭერებშია გავრცელებული. ჩვენთან, პანდემიის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლეზე არავინ არ ფიქრობს. ყველა ფიქრობს, აბა, „ნაცები“ რას მიიღებენ, „ქოცები“ რას მიიღებენ, ჩვენ რას მივიღებთ… ისევ გრძელდება პოლიტიკური დაპირისპირებები იმის ნაცვლად, რომ ერი იყოს სოლიდარული, ერთმანეთს დაეხმარონ და საერთო ძალისხმევით დაამარცხონ ეს ურჩხული, რომელიც არის ეკლესია…

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მრევლს რასაც ეტყვის „მამაო“, იმას გააკეთებს. მით უმეტეს, რომ სხვა ეკლესიებმა, რუსეთმაც კი, ეს გააკეთა. ანუ აქ არანაირი სკანდალი არ მოხდებოდა.

ეს პირდაპირ არის ილია II-ის, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურის, პასუხისმგებლობა. ერთხელ რომ ეთქვა, კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა, რაც თავისთავად უბედურებაა, მაგრამ შეიძლება ბედნიერებად გადაქცეულიყო ამ პანდემიის პირობებში…

  • სახელმწიფოს პოზიციებს რომ დავუბრუნდეთ, – შეიძლება თუ არა, გახარიას განცხადება  პასუხისმგებლობის გადაბარებად ჩაითვალოს?

დიახ. ეს საშინელება იყო, საკუთარი თავის დისკრედიტაცია. ვერც ხვდება, რა დღეში ჩაიგდო თავი ადამიანების თვალში, რომ ისევ გადააბრალეს… მაგრამ ეს გარკვეულწილად გააკეთა ინფექციონისტმა პაატა იმნაძემაც, როდესაც, ბევრი კრიტიკის შემდეგ ხალხს მოუწოდა, ეკლესიაში არ მიხვიდეთო, დაიცავით ეკლესია და მეუფეებიო. ხალხი ისევ არავის აინტერესებს.

და გახარიამ რაც გააკეთა, რომ ხალხს დააკისრა ეს პასუხისმგებლობა, ეკლესიას დისკომფორტი არ შევუქმნათო, რომ იმათ დაკეტვის გამოაცხადება არ დასჭირდეთ ან არჩევანის წინაშე არ დადგნენო… [არ ესმით, რომ] ეკლესია ეს ხალხია თვითონ…

  • ერთი მხრივ, ეკლესიაში შექმნილი ვითარებიდან და, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემცირების კუთხით, რა შეიძლება გამოსავალი იყოს?

ეს ორი სხვადასხვა საკითხია. მე ეკლესიის მიმართ აბსოლუტურად პესიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, არ არსებობს ეკლესია და ეს არის მაფიოზების ბანდა. სერიული მკვლელები აღმოჩნდნენ.

რასაც ახლა მრევლს უკეთებენ, ეს ახლა კი არ დაწყებულია, 30 წელიწადია ხდება. თვითონ ვიყავი ზომბირებული, ეს ყველაფერი გავიარე… ახლა სამი-ოთხი თეოლოგია, ვინც არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრობს. ისინი ამინდს ვერ შექმნიან ვერასოდეს ამ მრავალრიცხოვან ინსტიტუციაში.

მართლმადიდებელი ეკლესია არის გულწრფელი ფანატიკოსების და ფულის გულისთვის მოსული აფერისტების ინსტიტუცია, რომელიც პარაზიტივით აზის ჩვენს საზოგადოებას და ასეც გაგრძელდება, თუ ჩვენმა საზოგადოებამ თვალი არ გაახილა.

თუმცა პანდემიის დროს საზოგადოების ინტერესის საკითხი არ უნდა იყოს, ეკლესიას რაიმე ეშველება თუ არა. ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია, პანდემიის დროს, რაც შეიძლება ნაკლები ხალხი დახოცოს ეკლესიამ.

მეკითხებით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე შანსი, რაიმე ნაბიჯის გადადგმისა, არის ერთადერთი გამოსავალი: ბიძინა ივანიშვილმა მისცეს ფული ილია II-ს.


გირჩევთ წაიკითხოთ:

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com