ახალი ამბები

საპატრიარქო ითავსებს მთავრობის ფუნქციასაც – თეოლოგი გახარიას განცხადებაზე

14 აპრილი, 2020 • 1907
საპატრიარქო ითავსებს მთავრობის ფუნქციასაც – თეოლოგი გახარიას განცხადებაზე

საქართველოს საპატრიარქოს ვადარებ ქაჯეთის ციხეს, რომელზეც სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა მთავრობის მონდომება დამსხვრეულა. ეს სტრუქტურა ინარჩუნებს წამყვან როლს სახელმწიფოში, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ და თეოლოგმა ზვიად ცაბაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერც ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს ტაძარში არმისვლისკენ და ვერც სახელმწიფო – კანონდარღვევისკენ. შესაბამისად, პრემიერს იმედი აქვს, თავად მოქალაქეები გამოიჩენენ სიბრძნეს და აიღებენ პასუხსიმგებლობას “როგორც ეკლესიაზე, ასევე, სახელმწიფოზე”.

ზვიად ცაბაძე მიიჩნევს, რომ გახარიას პოზიცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ეკლესიის ეშინია. თეოლოგი არ გამორიცხავს, ხელისუფლებას ჰქონდეს გარკვეული სურვილები და მიზნები, რაშიც ეკლესია ესაჭიროება, თუმცა თვლის, რომ მთავარი ფაქტორი მაინც შიშია.

“თუ პროცესის დასაწყისს თვალს მივადევნებთ და განსაკუთრებით, საგანგებო მდგომაროების დაწესებას და ზოგიერთი ქალაქში კარანტინის შემოღებას, ვნახავთ, რომ სახელმწიფო იღებდა რაღაც წესებს, მეორე დღეს პრემიერი და მთავრობის წევრები ეახლებიან საპატრიარქოში სასულიერო პირებს. ესეც აჩვენებს, რამხელა ძალა აქვს საპატრიარქოს სახელმწიფოში. ის ითავსებს არა მარტო საეკლესიო ფუნქციებს, არამედ მთავრობის ფუნქციებსაც. ნორმალურ მდგომარეობაში პირიქით უნდა ყოფილიყო – საპატრიარქოს წარმომადგენელი მისულიყო მთავრობაში და თხოვნის ფორმით გაეჟღერებინა თავიანთი სურვილი. ჩვენ ვხედავთ ამოტრიალებულ სურათს, როდესაც მთავრობა შიშის თუ სხვა ფაქტორების გამო ეკლესიის მორჩილია”, – აცხადებს ცაბაძე.

რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, თეოლოგი ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება ღვთისმსახურების მრევლის გარეშე ჩატარების შესახებ. ცაბაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკლესია იგივეს გააკეთებს და განმარტავს, რატომ:

“საქართველოს ეკლესია ასეთი საფრთხის პირობებშიც არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას და ჯიუტად ცდილობს, თავისი გავლენების გაძლიერებას და ერთგვარ შურისძიებას სახელმწიფოზე – იმის ჩვენებას, თუ ვინ არის სინამდვილეში ღმერთიც და კეისარიც ამ სახელმწიფოში. არის მეორე მიზეზიც. თუკი, ერთი მხრივ, სახელმწიფო განიცდის საპატრიარქოს გავლენას, ასევე საპატრიარქოც განიცდის ეკლესიის წიაღში არსებული სხვადასხვა ფანატიკური ჯგუფების გავლენას. ამიტომ საპატრიარქოც ორ ცეცხლს შუაა: მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ და შიდასაეკლესიო გაყოფის (სქიზმის) საფრთხის წინაშე დადგეს, რადგან ეკლესიაში ბევრია ისეთი მოძღვარი და მრევლი, რომელმაც შეიძლება შემდგომ ეკლესიას პრობლემები შეუქმნას, თუ არ მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ და ამით საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.  სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საპატრიარქო მეორე ვარიანტს ირჩევს და ფანატიკური ჯგუფების სასარგებლოდ რისკის ქევშ აყენებს მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, არა არტო მორწმუნეებს”, – ამბობს ცაბაძე.

მისი თქმით, მართალია, არ ჩანს, რომ მრევლი, ერთად აღებული, ოდესმე ეწინააღმდეგება საპატრიარქოს გადაწყვეტილებებს, თუმცა საპატრიარქოსთან აფილირებული ადამიანების მხრიდან გაჩნდა მოწოდებები “ტაძრების გადაჭედვის” შესახებ.

“საპატრიარქოს ჰყავს ისეთი ადამიანები და ჯგუფები, ვისაც სხვა დროს თვითონ იყენებდა, იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც თვითონ ოფიციალურად არ უნდა. მაგრამ ამასობაში ეს ჯგუფები ისე გაძლიერდნენ, რომ საპატრიარქოსთვის ერთგვარი თავის ტკივილი გახდნენ. ამ ფანატიკურ ჯგუფებს თავიანთი გათვლები და მიზნები აქვთ და ყოველთვის კეთილგანწყობილნი არ არიან პატრიარქის და სხვა სასულიერო პირების მიმართ. საპატრიარქო ამ საფრთხეს აცნობიერებს”, – მიიჩნევს ცაბაძე.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ღვთისმსახურებას მრევლისთვის არ დახურავს, არანაირი საღვთისმეტყველო, კანონიკური, საეკლესიო საფუძველი არ გააჩნია და რჯულის კანონში, სახარებაში, წმინდა მამების სწავლებაში უამრავი მაგალითია,  რომელზე დაყრდნობითაც საპატრიარქოს თავისუფლად შეუძლია მრევლს მოუწოდოს, არ მივიდნენ ტაძარში. მიუხედავად ამისა, ცაბაძის თქმით, საპატრიარქოც და სახელმწიფოც მრევლს “ჰკიდებენ პასუხისმგებლობას”.

“თუ ვამბობთ, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რას იზამს, მაშინ საგანგებო მდგომარეობას და კარანტინს რაღას ვაწესებთ?! ვთქვათ, რომ ხალხის თვითშეგნებაზე ვამყარებთ ჩვენს უსაფრთხოებას. ეს არასწორი და არაადეკვატურია”, – ამბობს ზვიად ცაბაძე.

 

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი