ახალი ამბები

მთავრობა სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვას განიხილავს

14 აპრილი, 2020 • 2336
მთავრობა სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვას განიხილავს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სააღდგომოდ მთავრობა საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე სიარულის აკრძალვას განიხილავს.

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, რომ შეიძლება გავხდეთ იძულებულნი და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე.

ამ კვირაში მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, რომლის პერიოდშიც მოქალაქეების დიდი ნაწილი ნათესავების/ახლობლების საფლავებს სტუმრობს.

„ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს 1-2 დღის განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, „დიდი ალბათობით მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით“.

პრემიერის თანახმად, საუბარია როგორც მუნიციპალურ (ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ), ასევე, კერძო სასაფლაოებზე.


მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, Covid-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, ხვალიდან, 15 აპრილის საღამოს 9 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ეს ქალაქებია თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. შეზღუდვა 10- დღიანია. საუბარია არა შიდა საქალაქო მოძრაობის აკრძალვაზე, არამედ ქალაქებში შესვლასა და იქიდან გამოსვლაზე.

„რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“, — განაცხადა პრემიერმა.

ცხელია ხაზის ნომერია: 144


14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი 30-ს პაციენტს დაუდასტურდა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ეს ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 434.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტის შემდეგ არის გამოცხადებული, დაწესებულია კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

გარეკანის ფოტოზე — აღდგომა, სასაფლაო. ფოტო: edu.aris.ge

ხვალიდან 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი