ახალი ამბები

ინფორმაცია 150-ლარიან დახმარებაზე გაიპარა – გახარია

14 აპრილი, 2020 •
ინფორმაცია 150-ლარიან დახმარებაზე გაიპარა – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების თვეში 150 ლარით დახმარებასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც “გაიპარა”.

“ეს რიცხვი აქტუალური არ ყოფილა, პირველადი იყო. გაიპარა ძველი [მონაცემი], ეს ტექნიკური შეცდომა იყო. პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, შეუძლებელია იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები თვეში”, – თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, უახლოეს მომავალში შემუშავდება დახმარების პაკეტი და ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობა გაიგებს მაშინ, როცა მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით მიმართავს.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და დონორებთან შეათანხმა დახმარებების ის პორტფელი, რომელსაც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს შესთავაზებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლება შეიმუშავებს კრიტერიუმებს, თუ როგორ დაეხმარებიან თვითდასაქმებულებს, ასევე შეიძლება შეიცვალოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები.

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის – IMF

მასალების გადაბეჭდვის წესი