ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის – IMF

13 აპრილი, 2020 • 5245
საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან.

ამის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. IMF ხაზს უსვამს, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს, თუმცა, როგორც ცნობილია, ასეთი გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობას ჯერ არაფერი განუცხადებია. ნეტგაზეთი მთავრობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებენ.

IMF-ის ვებგვერდზე კი წერია, რომ სუბსიდია მათ შეეხებათ, ვინც საშემოსავლო გადასხადს იხდიდნენ და შეწყვიტეს კრიზისის გამო. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ბუნდოვანია, როგორ მოხვდებიან ამ სქემაში თვითდასაქმებულები. ამავე ინფორმაციის თანახმად, სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესებიც, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ.

“ასევე მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო, წიწიბურა). გარდა ამისა, შექმნის აღნიშნული სურსათის მარაგს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის შექმნას, რათა ხელი შეუწყოს COVID-19– ის პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენას”, – წერია IMF-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, IMF-ს ჩამოთვლილი აქვს ის ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ უკვე განახორციელა ან დააანონსა, მათ შორის, გარკვეული გადასახადების დროებით შეჩერება ბიზნესის ნაწილისთვის, კომუნალური გადასახადების სუბსიდია მათთვის, ვინც 200 კილოვატზე ელექტროერნგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარს და ა.შ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ამ დრომდე გაატარა, როგორიცაა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება, გარკვეული რეგიონების საკარანტინო სივრცეებად გამოცხადება და მათი ჩაკეტვა, ასევე, სასწავლო პროცესის შეჩერება და საზღვრების ჩაკეტვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი