ახალი ამბები

ფოთში სამართალდამცველების მიერ კაცის ცემის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს

10 აპრილი, 2020 • 1423
ფოთში სამართალდამცველების მიერ კაცის ცემის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს ფოთში სამართალდამცველების მიერ 44 წლის მამაკაცის სავარაუდო ცემის ფაქტს.

მთავარი არხის მიხედვით, ოჯახის ინფორმაციით, 44 წლის ვლადიმერ ივანოვს 3-მა პირმა კორონავირუსზე შემოწმების მოტივით სახლში მიაკითხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

“რომ მოვიდნენ, ექიმები ვართ და თქვენი შვილი დაფიქსირებულიაო კორონავირუსზე. რად უნდოდათ კორონავირუსის იარაღად გამოყენება? კარები რომ გავუღე, გალახვა დაუწყეს. დადეს სასიკვდილოდ და გაიქცნენ”, – ამბობს დაზარალებულის დედა ლალი ივანოვი “მთავარი არხთან” ინტერვიუში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივანოვის ცემა მის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატუსს უკავშირდება, თუმცა თავად ივანოვი ამას არ ადასტურებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რომ სდომოდა, ამის გამო დიდი ხნის წინ სცემდნენ. ამჟამად სოციალურ ქსელში ვლადიმერ ივანოვის პოსტი არ იძებნება.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე -3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

“გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები”, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი