ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ იმსჯელებენ

23 სექტემბერი, 2015 •
უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ იმსჯელებენ

უშიშროების საბჭოს ცნობით, 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილება სამი საკითხი:  საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.

 

აღნიშნულ სხდომაზე მომხსენებლები არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 

“სრული შემადგენლობით არის მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭო. საკითხი იქნება საფრთხეების შეფასების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა, რომელიც არის სრულიად საიდუმლო, ცხადია. საფრთხეების თაობაზე დოკუმენტი არის საკმაოდ სქელტანიანი და არის სამი წლით. 2015-2018 წლამდე იქნება განსაზღრული საფრთხეები”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 

“ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის მუხლი 38 ის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

         

“ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურა, სადაც უნდა განისაზღვროს ჯარის რაოდენობა, რაც ყოველწლიური ვალდებულება არის. ქვეყნის პრეზიდენტის შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება”,  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან საბჭოს მუდმივი წევრები, თუმცა საბჭოს ვერ დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, ასევე უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი