ახალი ამბები

რას აპირებს სამინისტრო პნევმოკოკის აცრებზე გამყრელიძის რეკომენდაციის შემდეგ – ტიკარაძის პასუხი

8 აპრილი, 2020 • 2444
რას აპირებს სამინისტრო პნევმოკოკის აცრებზე გამყრელიძის რეკომენდაციის შემდეგ – ტიკარაძის პასუხი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მუშავდება მოქალაქეთა პნევმოკოკზე აცრის ვაქცინის დასაგეგმი პროტოკოლი.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე წინა დღეებში ამბობდა, რომ თვის ბოლოდან გეგმავენ პნევმოკოკის ვაქცინით მოსახლეობის აცრის დაწყებას, თუმცა “ეს ვაქცინა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბმაში არ არის”.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, მართალია, ზოგადად ინიციატივა მოიწონა, თუმცა პანდემიის პერიოდში რეკომენდაცია არ გაუწია.

პნევმოკოკის (იგივე პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა) აცრა პნევმონიური დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებსაც თავის მხრივ, პნევმოკოკის ბაქტერიები იწვევენ. თუმცა, WHO-ს ცნობით, ამჟამად არ არის დადასტურებული, რომ ეს აცრა რაიმე ფორმით ეხმარება კორონავირუსის და მის შედეგად გამოწვეულ პნევმონიას.

ნეტგაზეთმა ჯანდაცვის მინისტრს დღეს კითხვით მიმართა – მიუხედავად გამყრელიძის რეკომენდაციისა, მაინც აპირებდა თუ არა სამინისტრო მოსახლეობის აცრას, რაზეც ტიკარაძემ გვიპასუხა:

„ჯანდაცვის სამინისტროში,კონკრეტულად პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს  პოლიტიკურად და ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ. მე როგორც მოგახსენეთ, პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ რომ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიების დაგეგმავზე და ასევე დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა ჩაუტარდეს ეს ტესტები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე, ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს.

მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება და დამტკიცდება პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას, ყოველივე იმის გათვალსიწინებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნებათ არავითარი პრობლემა და არავითარი საფრთხე არ შეექმნებათ მათ ჯანმრთელობას, არც პანდემიისა და არც პანდემიის შემდეგ“, – ამბობს ტიკარაძე.

 

ხანდაზმულების პნევმოკოკური აცრა პანდემიის პირობებში არ არის მიზანშეწონილი – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი