ახალი ამბები

ხანდაზმულების პნევმოკოკური აცრა პანდემიის პირობებში არ არის მიზანშეწონილი – გამყრელიძე

7 აპრილი, 2020 • 3680
ხანდაზმულების პნევმოკოკური აცრა პანდემიის პირობებში არ არის მიზანშეწონილი – გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოხუცების პნევმოკოკური აცრა კარგი ინიციატივაა, თუმცა ამ პერიოდისთვის მისი განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რეკომენდაციას მივცემდი საზოგადოებას და ასევე მთავრობას, რომ ეს [პნევმოკოკის აცრა] კარგია თუ დაინერგა, მაგრამ დაინერგა, ვთქვათ, როცა პანდემია ჩათავდება.

ანუ, თუ ჩვენ გვექნება იმის ფინანსური რესურსი და საშუალებები, რომ პნევმოკოკური ვაქცინაცია იყოს შემოტანილი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც პანდემია დამთავრდება, იმიტომ, რომ ამ პირობებში ძალიან რთული იქნება ხანდაზმულების აცრა. ამიტომ, თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს გადავწიოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ გრიპთან ერთად ჩვენ თანდათან გავააქტიუროთ ხანდაზმულების პნევმოკოკით აცრა”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული აცრა საქართველოში აქტიურად გამოიყენება ბავშვებში, რასაც რეალურად შედეგიც მოაქვს.


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ პნევმოკოკის ვაქცინით მოსახლეობის აცრის დაწყებას თვის ბოლოდან გეგმავენ, თუმცა ეს ვაქცინა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბმაში არ არის.

პნევმოკოკის (იგივე პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა) აცრა პნევმონიური დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებსაც თავის მხრივ, პნევმოკოკის ბაქტერიები იწვევენ. თუმცა WHO-ს ცნობით, ამჟამად არ არის დადასტურებული, რომ ეს აცრა რაიმე ფორმით ეხმარება კორონავირუსის და მის შედეგად გამოწვეულ პნევმონიას.

გუშინ, 6 აპრილს ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ვაქცინით 60 წელს ზემოთ მოქალაქეთა აცრა იგეგმება. მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსის რისკჯგუფში, კერძოდ კი, ასაკოვან მოსახლეობაში, ხშირია პნევმონია.

„ჩვენ გვსურს, რომ ცალსახად გავმჯინოთ ვაქცინაცია და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთსიგან, ვინაიდან ამ ეტაპისთვის არანაირი სამედიცინო მდგენელი არ არსებობს, რომ ესენი ერთმანეთთან ბმაში არიან. ეს დამატებით ახალი ინიაციტივაა“, – თქვა ტიკარაძემ დღეს, 7 აპრილს „მაესტროს“ ეთერში.

მისი თქმით, მთავრობას შემოაქვს „ახალი მდგენელი, რომლითაც ჩვენ დამატებითად გვინდა ვიზრუნოთ ასაკოვან მოქალაქეებზე“.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ გარკვეული პაკეტის ჩამოყალიბებაზე, ვვარაუდობთ, რომ 2 კვირაში ეს პაკეტი იქნება მზად, რომელსაც გავუზიარებთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს. ამის შემდეგ მათ უკვე შეეძლებათ მათ რეგიონში არსებული ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვისა და ასაკოვანი მოსახლეობისთვის სახელობით სიის მიხედვით შეთავაზება ამ ვაქცინის. თვის ბოლომდე შევძლებთ ამ ყველაფრის დაწყებას“, – აცხადებს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი