ახალი ამბები

სპარის დირექტორის განმარტებები ფილიალებში 21 საათის შემდეგ მუშაობაზე

5 აპრილი, 2020 • 3476
სპარის დირექტორის განმარტებები ფილიალებში 21 საათის შემდეგ მუშაობაზე

სუპერმარკეტების ქსელი სპარი კარანტინის პირობებში ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. როგორც ცნობილია, 21:00-დან – 06:00 საათმდე სპეციალური საშვის გარეშე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია და 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

სპარმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათი სამუშაო გრაფიკი ზუსტად ემთხვევა კარანტინის პირობებს. ქსელის ფილიალები 06-დან – 21 საათამდე იმუშავებენ.

გვერდმა, “არა მონობას”, რომელიც ქვეყანაში შრომითი პირობების საკითხებს ადვოკატერებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპარი კომენდატის საათის დაწყების ანუ 21 საათის შემდეგ, მაღაზიებში მომუშავე პერსონალს შიგნიდან კეტავს და დილის 6 საათზე კომენდატის დასრულებისას ხსნიან მაღაზიებს.

“საინტერესოა რამდენად შეიძლება აღნიშნული ქმედება ჩაითვალოს ადამიანურ მოპყრობად, როდესაც კომენდატის საათის დროს სამსახურში გკეტავენ.

ასე ცდილობს კომპანია მეტი მოგების მიღება, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი უნამუსობაა ბიზნესოპერატორის მხრიდან.

აღნიშნული ფაქტის ადგილზე გადასამოწმებლად დღეს ჩვენი წარმომადგენელი დიღმის ფილიალის სპარს ესტუმრა ზუსტად 06:15 წუთზე. მაღაზიაში მას სალაროსთან მძინარი მოლარე დახვდა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას”, – წერს გვერდი “არა მონობას”.

ნეტგაზეთი დილიდან ცდილობს კომპანიის დირექტორთან დაკავშირებას. საღამოს მირანდა მანჯგალაძემ ამ საკითხზე განმარტებები ფეისბუკით გამოაქვეყნა:

“1. “სპარი” 24 საათის განმავლობაში ოპერირებდა მშვიდობიან დროს.

2. კომენდატის საათის შემოღებამ, შეზღუდა სამუშაო საათები რის საფუძველზეც 700-ზე მეტი თანამშრომელი (ღამის ცვლა) რჩებოდა სამსახურის გარეშე.

3. იმისთვის, რომ 700-ზე მეტი თანამშრომელი (ღამის ცვლა) 300-ზე მეტ მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით, არ დარჩენილიყო სამსახურის გარეშე მივიღეთ გადაწყეტილება შეგვენარჩუნებინა და ამით საზოგადოების წინაშე მიგვეღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.

4. ღამის ცვლის თანამშრომლები საღამოს 7 საათზე ინდივიდუალური ტაქსის საშუალაბით (სადაც 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება იყოს) მოგვყავს სამსახურში და დილის 6 საათზე იგივე ტაქსით მიგვყავს სახლში.

5. ღამის ცვლის თანამშრომლები ახორციელებენ შემდეგ ფუნქციებს: თაროების შევსება, ვადიანობის შემოწმება, ფასდებულის მითითება, ჩვენი წარმოების და ხილ-ბოსტნის მომარაგების მიღება.

6. ამ გადაწყვეტილებით მომხმარებელი სრულად ითვისებს საკომენდატო საათებს.

7. მოხმარებელს მეტ ნაკლებად მოწესრიგებული ხვდება მაღაზია.

8. ეს გადაწყვეტილება გვაძლევს 3 საათით (დილით 6-დან 8-მდე და საღამოს 8-დან 9-მდე) ოპერირების საშუალებას. ამის საპირწონედ ვასაქმებთ 700-ზე მეტ თანამშრომელს, ვიხდით ხელფასებს, ვაფინანსებთ სრულად ტრანსპორტირების ხარჯს.

თქვენი აზრით 700-ზე მეტ თანამშრომელზე ხელფასების გაცემა, 200,000 ლარზე მეტი კომპენსირებული ტრანსპორტირების ხარჯი იფარება დამატებითი 3 საათის შემოსავლით? პასუხი თქვენთვის მომინდვია…”, – აცხადებს მანჯგალაძე.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი თავის უარყოფით დამოკიდებულებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომ კომპანია საკარანტინო პერიოდის შემდეგაც ამუშავებს თანამშრომლებს და ისე არ უხდის ხელფასს, სპარის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოხატავენ.

“როგორც ვიცი SPAR საერთაშორისო ქსელია. რას ფიქრობთ, სათაო ოფისს რომ მივწეროთ ჰოლანდიაში და მოვუყვეთ, როგორ აწამებენ ადამიანებს არამხოლოდ ჩვეულევრივ დროს, ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ უმძიმესი კრიზისის დროს?”, – წერს გიორგი კიკონიშვილი.

რეაგირებისთვის საქართველოს მთავრობის მისამართით შეიქმნა ონლაინ-პეტიციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი