ახალი ამბები

დაითხოვეს თუ არა “სპარიდან” თანამშრომელი არჩევნებზე დასაკვირვებლად 1 დღის თხოვნის გამო

3 ნოემბერი, 2020 • 1473
დაითხოვეს თუ არა “სპარიდან” თანამშრომელი არჩევნებზე დასაკვირვებლად 1 დღის თხოვნის გამო

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, სუპერმარკეტების ქსელიდან “სპარ-საქართველო” თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად 1 თავისუფალი დღე ითხოვა. ინფორმაციას, რომელსაც ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, სუპერმარკეტების ქსელის პრესსამსახურში უარყოფენ.

“ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და არავის მივცემთ უფლებას, დამკვირვებლები ასე დაჩაგრონ… ძალიან სამარცხვინოა, ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვო, არჩევნებზე დაკვირვების გამო”, – წერს ნიჟარაძე.

“ნეტგაზეთი” დეტალების გასარკვევად “სპარის” პრესსამსახურს დაუკავშირდა. სუპერმარკეტების ქსელში ცნობას უარყოფენ: მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული თანამშრომელი “იქამდეც არ დადიოდა სამსახურში”, ის არავის გაუთავისუფლებია და შეუძლია, სამუშაოს დაუბრუნდეს. კითხვაზე, რამ აფიქრებინა თანამშრომელს, რომ სამსახურიდან გაუშვეს და ამის მიზეზი არჩევნებზე დასაკვირვებლად მენეჯერისთვის ერთი დღის თხოვნა იყო, პრესსამსახურში გვიპასუხეს:

“არაფერი მსგავსი არ მომხდარა, არ ვადასტურებთ ინფორმაციას”.

თავად ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ “სპარმა” თანამშრომელი ხსენებული მიზეზით ნამდვილად დაითხოვა და ამის დამადასტურებელი მოკლეტექსტური შეტყობინებებიც აქვს. თუმცა, ელენე ნიჟარაძის ცნობით, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც “სპარის” წარმომადგენლობას სახალხო დამცველის აპარატი დაუკავშირდა.

“სუპერმარკეტების ქსელში სახალხო დამცველს უთხრეს, რომ ეს[სამსახურიდან გაშვება] იყო არა ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და თანამშრომელს სამსახურში დააბრუნებდნენ”, – აცხადებს ნიჟარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი