პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა:
- ორ დღეში შეამოწმოს, რამდენად მზად არიან ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკები მოსალოდნელ სიტუაციასთან გასამკლავებლად
- დღესვე დეტალურად გაარკვიოს, რამდენად მზად არიან სოფლის და ოჯახის ექიმები — ჯამში, 3200-მდე ადამიანი — პანდემიასთან საბრძოლველად.
რამდენად მზადაა ჰოსპიტალური სექტორი?
3 აპრილის დილას საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა (ერთ დღეში ეს მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში), წინა დღით — 15.
გახარიამ იმავე დილას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, [დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის] ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება“.
შესაბამისად, გახარიას თანახმად, „დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“.
ამის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალება — ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება“. მისი თქმით, ეს დავალება 2 დღეში უნდა შესრულდეს.
„საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“, რომელიც ჯანდაცვის სფეროს იკვლევს, 27 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი, „COVID-19 ეპიდემია საქართველოში, პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მომზადდა. ამ დოკუმენტის თანახმად:
თუკი მოსახლეობამ არ დაიცვა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები და კონტაქტების რაოდენობა არ შეამცირა, ასეთ შემთხვევაში:
- საქართველომ შესაძლოა ძალიან მალე, სულ რაღაც მე-11 კვირაში (ანუ მაისის მეორე კვირაში) მიაღწიოს ეპიდემიის პიკს;
- პიკურ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5950 შეიძლება იყოს, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს;
რამდენად მზად არიან ექიმები?
მეორე დავალება, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო, შემდეგია: „დღეს დეტალებში რომ მოგვახსენოთ პირველადი ჯანდაცვის … ვირუსთან ბრძოლის მზაობა“.
გიორგი გახარიას თანახმად, მას აინტერესებს, თუ რამდენად მზად არიან სოფლის ექიმები და ოჯახის ექიმები მზად ცხელებასთან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად:
„სოფლის ექიმები გვყავს 1200 ადამიანი, ოჯახის ექიმი — 2000 ადამიანი. სად არის ეს ხალხი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად, ეს ინფორმაცია [რომ მოგვაწოდოთ]“.
„პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრენინგები და მათი მზაობა, ცხელებისგან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
3 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა. 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 ადამიანი.