ახალი ამბები

როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა, დღეში 18-20 პაციენტი ტრაგედია არაა – ეზუგბაია

3 აპრილი, 2020 • 1392
როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა, დღეში 18-20 პაციენტი ტრაგედია არაა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, როდესაც ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემა ფიქსირდება, დღეში ახალი 18-20 შემთხვევა ტრაგედია არ არის.

ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საქართველოში, მიუხედავად Covid 19-ის შემთხვევების მატებისა, სიტუაცია კონტროლირებადია და – „თუ ასე გავაგრძელებთ, ალბათ, შევძლებთ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დანაკლისებისა და არეულობის გარეშე“.

„დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც მეოთხეულ გადაცემაზე ვსაუბრობთ,  ანუ შიდა გადაცემაზე. ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია, ნორმაში ეტევა და ეს არ არის კატასტროფა.

ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ,“ – აცხადებს ეზუგბაია.

საქართველოში, 3 აპრილის დილის მონაცემებით, 26 თებერვლიდან კორონავირუსის 148 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 27 პირი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიურია 121 პაციენტი ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ახლა გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი