ახალი ამბები

უსუფაშვილის აზრით, მერაბ ტურავას საკითხზე დასახელებული მიზეზი არადამაჯერებელია

16 სექტემბერი, 2015 • • 869
უსუფაშვილის აზრით, მერაბ ტურავას საკითხზე დასახელებული მიზეზი არადამაჯერებელია

„მინდა ერთ თემას გამოვეხმაურო – საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განვითარებულ თუ ვერგანვითარებულ მოვლენებს, რაც უკიდურესად არასასურველი მოვლენაა ყველაფრისთვის, პირველ რიგში, სასამართლოსთვის და მთლიანად, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ, მოგვიანებით, ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად იმიტომ, რომ ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას, ამიტომ გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა.


მე მქონდა გუშინ საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი პაპუაშვილთან და ვთხოვე, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს სიცხადე ამ საკითხში. ცხადია, ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც შეეხება გადაწყვეტილების შინაარსს, მაგრამ ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის, ერთი მხრივ, იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტექნიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხერხდა გადაწყვეტილებაზე, ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნური გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი ვერსია, არც მეორე ვერსია, ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში, არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს კონსტიტუციური წესრიგი და სასამართლო სარგებლობდეს იმ ნდობით და ავტორიტეტით, რაც აუცილებლელია.


ბატონ გიორგისთან საუბრის შემდეგ მან ბრძანა, რომ დღეს კიდევ გაერკვევა სიტუაციაში, თუ რაშია საქმე და იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე არის შეუთანხმებლობა, ამიტომ ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, ვიღაც რაღაცით უკმაყოფილოა – ეს არ არის სასამართლოს თუ მოსამართლეების განსჯადი საკითხი. მოსამართლეებმა უნდა განსაჯონ არსებული თემა, დავა, მერე დანარჩენი კმაყოფილები და უკმაყოფილოები თავად მოახერხებენ თავიანთი პოზიციების გამოთქმას. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, არა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი მოპასუხე მხარეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ზოგადად, ამ როლში ვართ ხოლმე იმიტომ, რომ კანონის კონსტიტუციურობაზეა ხოლმე საუბარი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ინსტიტუტი იმ შემადგენლობაში საკონსტიტუციო სისტემის, სადაც საკონსტიუტუციო სასამართლო მოიაზრება”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ თუ პროცესს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებს და მოსამართლე ვერ მიდის სასამართლოში, მაშინ შეიძლება გადაწყვეტილების მიტანა მოსამართლესთან.


“თუ რამე სხვა არის პრობლემა, ესეც გავიგოთ და კიდევ ვიმეორებ, თუ გადაწყვეტილება მზად არ არის გამოსაქვეყნებლად ტექნიკურად და შინაარსობრივად, მაშინ დაანონსებაც არ არის სწორი და ეს ამ მითქმა-მოთქმის საბაბს იძლევა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც და ზოგადად, მნიშვნელოვან თემას. ასე რომ, მე თქვენთან ერთად ვისურვებ, რომ მალე ეს მითქმა-მოთქმა დასრულდეს და ჩვენ გადაწყვეტილების თაობაზე გვქონდეს შესაძლო აზრები და არა ამ პროცესზე”, – თქვა უსუფაშვილმა.


 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადააწყვეტილება გუშინ ვერ გამოაცხადა, რადგან სხდომას არ ესწრებოდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლე მერაბ ტურავა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, “გადაწყვეტილების ხელმოწერის დროისთვის მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში.


დავის საგანი იყო სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღმკვეთო ღონსიძიება – პატიმრობა.

 

მოსარჩელის შეფასებით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას.


 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი