ახალი ამბები

ონლაინ-გაყიდვებს მალე გააგრძელებს ყველა, ვინც დაიცავს მოთხოვნებს – გახარია

2 აპრილი, 2020 • 2275
ონლაინ-გაყიდვებს მალე გააგრძელებს ყველა, ვინც დაიცავს მოთხოვნებს – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ გარანტიას იძლევა — ყველა ის კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში მიიღებს ონლაინ-გაყიდვის გაგრძელების ნებართვას.

2020 წლის 30 მარტს გამოცემული 204-ე დადგენილებით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები. მთავრობის ამ დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა.

დასაშვებ საქმიანობებს შორის გაყიდვის სერვისებიდან მითითებული იყო მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.

ტვ იმედზე 1 აპრილის ღამის ეთერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ხელმისაწვდომი დარჩენილიყო ონლაინ-შესყიდვები და რატომ არის ეს საქმიანობა აკრძალული, რაზეც გახარიამ უპასუხა:

„რატომ სვამთ ასე საკითხს, იყო თუ არა შესძლებელი? ეს ყველაფერი შესაძლებელია. აქ არ არის არანაირი წინააღმდეგობა“.

გახარიამ განაცხადა, რომ ბევრმა ადამიანმა მიმართა ამ საკითხზე: „იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რასაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, მაგალითად, „თუ მინდა ტელეფონის ან „ნაუშნიკის“ [ყურსასმენების] ყიდვა“…. როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირა ვერ მოვითმინოთ მუსიკალური პლეირის ყიდვა? ეს უბრალოდ გაუგებარია“, – თქვა მან…

ამის შემდეგ გახარიამ მიმოიხილა დაწესებული შეზღუდვები და თქვა, რომ ცალკეული სფეროები მუშაობას აგრძელებს, თუმცა თანამშრომელთა უსაფრთხოების წესების დაცვით, — მათ შორის მათი ტრანსპორტირების, ადგილზე შრომის შესაფერისი პირობების შექმნის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ტემპერატურის სკრინინგის და სხვა ვალდებულებებით.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სფეროა, სადაც ბევრი თანამშრომელი იმყოფება ოფისებში და ბევრი კონტაქტი უწევთ კლიენტებთანაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანიების მიერ უსაფრთხოების პირობების დაცვა.

ჩვენ მივესალმებით, რომ დიდი სავაჭრო ქსელები გადალაგდნენ დისტანციურ მომსახურებაზე და შევუწყობთ ხელს ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, შეღავათების დონეზე და ა.შ..არავის არაფერი არ აუკრძალავს.

მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ [კომპანია] მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან NCDC-ში; დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო, რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ, შემდეგ მივიდეთ შტაბში და მივიღოთ ნებართვა, არანაირი პრობლემა არ იარსებებს“, – განაცხადა მან.

ბოლოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი