ახალი ამბები

EMC: უკანონოა „ევოლუშენ გეიმინგიდან“ თანამშრომლების მასობრივი გაშვება

1 აპრილი, 2020 • 2105
EMC: უკანონოა „ევოლუშენ გეიმინგიდან“ თანამშრომლების მასობრივი გაშვება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ ონლაინ-კაზინო „ევოლუშენ გეიმინგის“ 1300-მდე დასაქმებულის გათავისუფლება უკანონოა და ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს შრომით უფლებებს.

„ევოლუშენ გეიმინგმა“ 31 მარტს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებების გამო დაახლოებით 1300 დასაქმებულს კონტრაქტს ნაადრევად შეუწყვეტენ. მანამდე ხელშეკრულება 3000-მდე ადამიანს დროებით შეუჩერდა.

„ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვა. როგორც ცნობილი გახდა, სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტი გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეუწყდებათ“, – წერს EMC.

ორგნიზაციის თანახმად, შრომის უფლების არსი დამსაქმებლის უპირატესი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვა და დასაქმებულების უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებისგან დაცვაა:

„შრომის კოდექსით დასაქმებულთა დაცვის სხვადასხვა გარანტიაა გათავლისწინებული, რომელიც შეაკავებს და მინიმუმამდე დაიყვანს დამსაქმებლის მხრიდან თვითნებურ გადაწყვეტილებებს დამსაქმებლებლების მიმართ“.

ამ შემთხვევაში, EMC მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით, კომპანია უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ბოროტად იყენებს დამსაქმებლის დომინანტურ მდგომარეობას და უგულებელყოფს ქვეყანაში მოქმედ უფლებრივ სტანდარტებს.

ორგანიზაციის მიერ ფაქტის სამართლებრივი შეფასება ასეთა:

„მოქმედი კანონმდებლობით, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის მიზნით ხდება. ასეთი ხელშეკრულება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, ერთჯერადად და არაუმეტეს 6 თვით შეიძლება დაიდოს. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ამას გარდა, არსებობს ზოგადი აკრძალვა უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ კომპანიამ მხოლოდ იმ თანამშრომლებთან გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რომელთაც გამოსაცდელი ვადით ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება დადებული და არა სხვა დასაქმებულებთან, რომელთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კანონი სათანადო კომპენსაციის გადახდას ავალდებულებდა. ცხადია, რომ ევოლუშენ გეიმინგმა სამუშო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას. ცხადია, რომ ეს გადარჩევა კომპენსაციის გადახდის ვალდებულების თავის არიდების გამო განახორციელა და არ იყო მოტივირებული საჭიროებების კვლევით.

უდავოა, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას და იგი ბოროტად იყენებს გამოსაცდელ ვადაში ნებისმიერ დროს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას და დაუსაბუთებლად წყევტს შრომით ურთიერთობას მაშინ, როცა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას არა მათი დაკავებულ თანამდებობებთან შეუსაბამობის, არამედ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაედო ოფიციალურ საფუძვლად.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, ეს მიიჩნევა მასობრივ დათხოვნად და დამსაქმებელს ავალდბეულებს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. ცხადია, ორგანიზაცია წერილობით გადაამოწმებს ოფიციალურ უწყებებთან მასობრივი დათხოვნის თაობაზე შეწტყობინების გაგზავნის ფაქტს, თუმცა ამგვარი შეტყობინება დასაქმებულებს ამ დრომდე არ მიუღიათ“.

EMC ასევე წერს, რომ მხარს უჭერს გათავისუფლებულ თანამშრომლებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, მზად არის, დაიცვას მათი ინტერესები სასამართლოში.

„ევოლუშენ გეიმინგის“ თანამშრომლების საკითხის უკეთ გასარკვევად გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთზე“:

კორონავირუსი: „ევოლუშენ გეიმინგი“ მუშაობას წყვეტს

კორონავირუსი: „ევოლუშენ გეიმინგი“ მუშაობას წყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი