ახალი ამბები

კორონავირუსი: „ევოლუშენ გეიმინგი“ მუშაობას წყვეტს

23 მარტი, 2020 • 2496
კორონავირუსი: „ევოლუშენ გეიმინგი“ მუშაობას წყვეტს

ონლაინ კაზინო „ევოლუშენ გეიმინგი“ მუშაობას ერთი თვით წყვეტს. ინფორმაცია ნეტგაზეთს კომპანიაში დღეს, 23 მარტს დაუდასტურეს.

ჯერჯერობით კომპანიაში სხვა დეტალებზე, მათ შორის, დასაქმებულების ანაზღაურებაზე ვერ ისაუბრებენ. თუმცა დაგვპირდნენ, რომ სიტუაციის გარკვევისთანავე ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ამ გადაწყვეტილებამდე ნეტგაზეთს ამ კომპანიის ორი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ჩავწერეთ.

ორივე მათგანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თანამშრომლებმა ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, გაემკაცრებინათ სანიტარული ნორმები. მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ერთ სივრცეში მომუშავე ათობით და ასობით ადამიანი რისკს წარმოადგენს.

„კომპანიაში არის სტუდიები, რომლებიც გახსნის დღიდან არც კი განიავებულა. არა აქვს ფანჯრები, ვართ დახურულ სივრცეში. ხშირად კონდიცირებაც არის საშინელი და სუნთქვაც გაუსაძლისია. მაგიდებზე, საიდანაც თამაშები მიგვყავს, არის საშინელი მტვერი, კარტებს და ინვენტარს ვეხებით უამრავი ადამიანი. ასევე გვაქვს გასახდელები, სადაც ცვლის დასაწყისსა და დასასრულს უამრავი ადამიანი იყრის თავს“, – გვითხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

მისივე თქმით, 23 მარტს, როდესაც ბოლნისი-მარნეულის კარანტინის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დასაქმებულების უმრავლესობამ მუშაობაზე უარი თქვა.

თავის მხრივ, კომპანია რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ არ არსებობს პირდაპირი საფრთხე, ვინაიდან შენობა უცხოებისთვის დახურულია. მათივე თქმით, ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაციას ასრულებდნენ.

მათივე თქმით, კომპანია პრევენციულ ზომებს იღებს : მათ შორის, დროებით დაიხურა გასართობი ზონა და სატრენაჟორო დარბაზი; კომპანიამ შეიძინა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები და შენობაში ყველა შემომსვლელს უმოწმდება ტემპერატურა.


23 მარტის 17 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი