ახალი ამბები

აშშ-ში „კორონავირუსის წვეულება“ გამართეს, რომლის მონაწილესაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა

30 მარტი, 2020 • 1129
აშშ-ში „კორონავირუსის წვეულება“ გამართეს, რომლის მონაწილესაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ე.წ. კორონავირუსის წვეულება ჩაატარეს, რომლის ერთ-ერთ მონაწილეს მოგვიანებით კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ინფორმაციას შემთხვევის შესახებ CNN ავრცელებს. 

გამოცემა შტატის გუბერნატორ ენდი ბეშეარზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდებმა მიზანმიმართულად დაარღვიეს სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია, „რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი დაუმარცხებლები იყვნენ“.

„გაგიჟებული ვარ, მეგონა, უკეთესად გვქონდა საქმე“, – ამბობს ინტერვიუში გუბერნატორი.

სოციალური დისტანცირების მკაცრი რეკომენდაცია ასევე გაცემულია საქართველოშიც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ვირუსის შესაჩერებლად, ვინაიდან ინფიცირებულთა დიდ ნაწილს სიმპტომები ან არ აქვს, ან ძალიან სუსტად აღენიშნება.

საქართველოში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია პირების დაჯარიმება, განმეორების შემთხვევაში კი -სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, სულ მცირე, 26 პაციენტს, რომელსაც შემდგომ COVID 19 დაუდასტურდა, მაღალი სიცხე არ ჰქონდა ან/და ზოგადად, ტემპერატურის მატება არ აღენიშნებოდა. თუმცა ისინი ვირუსის მატარებლები და, შესაბამისად, გამავრცელებლები იყვნენ.

ამასთანავე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასაკობრივი კატეგორია განსხვავებულია. ჩვენთან ინფიცირების საშუალო ასაკი 37-ია, მაქსიმალური ასაკი 82-ია, ხოლო მინიმალური – 2 წელი.


საქართველოში, 30 მარტის [14:17 საათის] მონაცემებით, კორონავირუსის 98 შემთხვევა დასტურდება, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.

მასალების გადაბეჭდვის წესი