ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულ 26 პაციენტს მაღალი სიცხე არ ჰქონდა – ცერცვაძე

29 მარტი, 2020 • 5019
კორონავირუსით ინფიცირებულ 26 პაციენტს მაღალი სიცხე არ ჰქონდა – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართცელოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს მაღალი სიცხე არ ჰქონდა, ზოგს კი ტემპერატურის მატება საერთოდ არ აღენიშნებოდა.

ცერცვაძემ აღნიშნული ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „რა დროს ძილია“ – განაცხადა. ეს გადაცემა 20 მარტსაა ჩაწერილი, ეთერში კი 29 მარტს გავიდა. ცერცვაძე ამბობს, რომ COVID-19-ის ინფექცია 26 ისეთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელსაც მაღალი სიცხე არ ჰქონდა.

ცერცვაძის განმარტებით, საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გაამკაცრა, რამაც ასეთი პაციენტების დროულად აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

„ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტურა შეგვქონდა, როდესაც დარწმუნებული ვიყავით. ჯამომ თავიდან რომ გამოაქვეყნა საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების დეფინიციები, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო, იქ ეწერა ასეთი რამ.

საეჭვო ანუ შესაძლო შემთხვევად მიიჩნევა პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 ან მეტი და მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები: ხველა, ყელის ტკივილი და ა.შ. და ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყნებში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან.

მაგრამ ჩვენ ჩვენი დაკვირვებით ვნახეთ, რომ პაციენტების ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის და ეს 38 გრადუსის ტემპერატრუა არც თუ ისე ხშირია. შევცვალეთ ეს პუნქტი ჯანმოს რეკომენდაციებში და ამოვიღეთ საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ და დავწერეთ:

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები, მაგალითად, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა, და ბოლო 2 კვირის განმავკობაში მაღალი რისკის ქვეყანაში მოგზაურობდა, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნიდან ჩამოსული პირი, ან ჰქონდა კონტაქტი, ის მიიჩნევა სავარაუდო შემთხვევად და ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას,“ – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, ეს რომ არ მომხდარიყო „დაახლოებით, 26 პაციენტი გაიპარებოდა იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ სიცხე 38 ან მეტი. მათ ჰქონდათ 37.1 ან 37.2. ზოგს კი სულ არ ჰქონდა. გარკვეულწილად, ამან საქართველო გადაარჩინა.“


29 მარტის საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა – 18. კარანტინის რეჯმში იმყოფება 4 876 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

მასალების გადაბეჭდვის წესი