ახალი ამბები

შსს: 10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 104 მოქალაქე დაჯარიმდა

30 მარტი, 2020 • 1050
შსს: 10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 104 მოქალაქე დაჯარიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში 10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 104 მოქალაქე დაჯარიმდა. მათ შორის, რამდენიმე მოქალაქე ფეხბურთის სათამაშოდ იყო შეკრებილი.

უწყების განცხადებით, ასევე, ჯარიმა დაუწესდა 13 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევა დაუდგინეს.

ამასთან, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 შემთხვევა, 5 პირი კი იმის გამო დაჯარიმდა, რომ აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით” ,- აცხადებენ შსს-ში.

უწყების თქმით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით  დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი