ახალი ამბები

ალბანეთის და ჩრდ. მაკედონიის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები იწყება

25 მარტი, 2020 • 1667
ალბანეთის და ჩრდ. მაკედონიის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები იწყება

ევროკავშირის საბჭომ, რომელიც წევრი ქვეყნების მინისტრებს აერთიანებს და ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.

“დღევანდელი პოლიტიკური შეთანხმება ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე არის ამ ორი ქვეყნის მიერ გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების შედეგი. გაწევრიანების გზა გრძელია. მაგრამ როდესაც რეალური შედეგი არსებობს გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით, ეს აახლოებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირთან. მოხარული ვარ, რომ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების გზაზე ახალი ეტაპი დაიწყო ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში”, – განაცხადა ხორვატიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა.

ევროკავშირმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა რამდენჯერმე გადადო. 2019 წლის ოქტომბერში გამართულ სამიტზე ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება საფრანგეთმა დაბლოკა, რომელსაც ალბანეთის საკითხში დანია და ნიდერლანდებიც შეუერთდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაფართოების პოლიტიკის შეფერხების გამო ევროკავშირის ლიდერებმა გააკრიტიკეს. მოგვიანებით მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოზიტიური შეფასების შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერდა. ევროკომისიის პოზიტიური ანგარიში მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი