ახალი ამბები

ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 მარტი, 2020 • 1316
ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება დაუნინგ სტრიტი.

როგორც მისმა სპიკერმა 27 მარტს განაცხადა, ბორის ჯონსონს ტესტი გუშინ საღამოს ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს (NHS-ის) ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ მას COVID-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა.

პრემიერ-მინისტრი ჯონსონი 55 წლისაა. როგორც ჯონსონმა განაცხადა, ის უკვე თვითიზოლაციაშია, თუმცა გააგრძელებს კრიზისთან გამკლავების ღონისძიებების ხელმძღვანელობას.

ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში ჯონსონი ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნება.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 658 შემთხვევაა რეგისტრირებული. 578 ადამიანი გარდაიცვალა, 135 გამოჯანმრთელდა, დანარჩენები მკურნალობას აგრძელებენ.

დიდი ბრიტანეთი თავდაპირველად უარს ამბობდა „სოციალური დისტანცირების“ პოლიტიკაზე და ე.წ „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავებაზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა საბოლოოდ ბრიტანეთმაც უარი თქვა ამაზე და ჯონსონმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამჟამად ქვეყანაში გამკაცრებულია ზომები დაავადების გავრცელების შესაფერხებლად.

რამდენიმე დღის წინ COVID-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინც ჩარლზს, რომელიც 71 წლისაა.

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი