რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსული დაავადება COVID-19 აღმოაჩნდა. როგორც რუსული ტელეარხი „დოჟდი“ იუწყება, ეს ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
პესკოვის თქმით, ამ თანამშრომელს პუტინთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ადმინისტრაციაში იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან იყოს აცილებული.
ამავე დროს, პესკოვმა, რომელსაც პუტინთან კონტაქტი რეგულარულად აქვს, დაადასტურა, რომ იმყოფებოდა მომღერალ ალა კრუტაიას დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც აგრეთვე იყო მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელსაც 27 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა.
რუსეთში სახელმწიფო ოპერატიული საბჭოს ინფორმაციით, დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 1036 შემთხვევა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 45.
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის რუსეთში სხვადასხვა ზომა მიიღეს, მათ შორის, გადაიდო საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი.
კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:
- დაავადების შემთხვევა: მსოფლიოში – 542,417, საქართველოში – 81;
- გამოჯანმრთელების შემთხვევა: მსოფლიოში – 124,164, საქართველოში 13;
- გარდაცვალების შემთხვევა: მსოფლიოში – 24,354, საქართველოში – 0.