ახალი ამბები

მელია ზუგდიდში პირბადეების დარიგებით გამოწვეული თავყრილობისთვის ბოდიშს იხდის

26 მარტი, 2020 • 2296
მელია ზუგდიდში პირბადეების დარიგებით გამოწვეული თავყრილობისთვის ბოდიშს იხდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბოდიშს იხდის დღეს, ზუგდიდში პირბადეების დარიგებით გამოწვეული თავყრილობისთვის. პოლიტიკოსის თქმით, მათ ვერ გათვალეს, რომ დიდი რაოდენობით ხალხი მივიდოდა, რამაც გამოიწვია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო დისტანციების დარღვევა. ამის შესახებ მელიამ განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

“ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე. სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ, ეს [დისტანციის კონტროლი] შეუძლებელი აღმოჩნდა”, – წერს მელია.

მისი თქმით, სხვა რეგიონებში პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების პროცესში მათ პოლიციაც ეხმარებოდა, თუმცა ზუგდიდში ასე არ მოხდა:

“სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში. როგორც კი საფრთხე გაანალიზდა, დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი. ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს”, – წერია განცხადებაში.

მელიას განმარტებით, ზიგდიდის ინციდენტმა ასევე გამოკვეთა, რომ, ერთი მხრივ, ორგანიზატორები იყვნენ მოუმზადებლები, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე ჰყავს დატოვებული.


“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” დღეს, 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია მაშინ, როცა საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

სააკაშვილი თავის მიერვე ორგანიზებულ თავყრილობაში პოლიციას ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი