სააკაშვილი თავის მიერვე ორგანიზებულ თავყრილობაში პოლიციას ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას ადანაშაულებს თავყრილობაში, რომელიც “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მიერ ზუგდიდში იყო ორგანიზებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, მიხეილ სააკაშვილიც:

“უკვე რამდენიმე დღეა”სააკაშვილის ეროვნული ბიბლიოთეკა” ამერიკელი ქართველების და ახალგაზრდა, თავდადებული მოხალისეების მონაწილეობით თბილისში, მარნეულში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში და სხვა დასახლებულ პუნქტში არიგებს სადეზინფექციო საშუალებებსა და პირბადეებს. ბევრგან სახლში მიაქვთ, თითქმის ყველგან პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა და ხალხი იცავს უსაფრთხო დისტანციას. ზუგდიდში დღეს მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და, როგორც ჩანს, პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც იმუშავა წინა დღეებში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთხოების წესები.

რამდენიმე დღის წინ ჩემს საჯარო მიმართვაში, რომელსაც რამდენიმე ასეულ ათასეული ნახვა აქვს, მოგიწოდეთ ხელისუფლებას, რომ ეს დამცავი საშუალებები ინახებოდა ბიბლიოთეკაში და შემოგთავაზეთ, რომ მოსულიყავით, წაგეღოთ და დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედით და რატომ არ წაიღეთ? ჩვენ რას გვადანაშაულებთ”, – განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში.

რა მოხდა

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია, მაშინ, როცა საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

იმის გამო, რომ შეიზღუდოს ხალხმრავალი თავყრილობები, დაიკეტა ბაზრობები, მაღაზიების დიდი ნაწილი, ასევე დაიკეტა ლისის ტბა, სადაც ხალხი სასეირნოდ დადიოდა, აიკრძალა ქორწილების და ქელეხების გამართვა, სადაც 10 ადამიანზე მეტი იკრიბება. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, შეძლებისდაგვარად დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგებასა და მასობრივი თავყრილობის ორგანიზებას უარყოფითად აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

“არ არის ახლა პიარის დრო და იმის დრო, რომ ვიღაცამ ქულები დაიწეროს. ხომ შეიძლებოდა, ევლოთ კარდაკარ და პირბადეები ჩამოერიგებინა ერთ-ორ ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?”, – ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქციას.

მთავარ ფოტოზე: “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” დაორგანიზებული თავყრილობა ზუგდიდში/რადიო “ათინათი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი