ახალი ამბები

“ეს მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძველია” – კოალიცია აჭარის ტელევიზიის ბოლო გადაწყვეტილებებზე

24 მარტი, 2020 •
“ეს მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძველია” – კოალიცია აჭარის ტელევიზიის ბოლო გადაწყვეტილებებზე

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” შესახებ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

ამის მიზეზად კოალიცია მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებს, რა დროსაც ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე მივლინებულ იქნა რეპორტიორად ქუთაისში, ოპერატორის გარეშე. ჟურნალისტს შეეზღუდა ტელეეთერით მუშაობა და დაევალა მხოლოდ რადიოსა და ვებ-გვერდისთვის საქმიანობის გაგრძელება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში განსხვავებული პოზიციის მქონე ჟურნალისტების დევნისა და შევიწროების შესახებ ეჭვებს აღრმავებს.

“ჟურნალისტი მიიჩნევს, ამ ცვლილებით მას სამსახურიდან წასვლას აიძულებს მენეჯმენტი, რადგან მისთვის შეუძლებელია სრულყოფილად შეასრულოს ახალი ამოცანები. შეგახსენებთ, რომ თეონა ხარაბაძე აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტია და ის მაღალკვალიფიციურად მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გაშუქებასა და სოციალურ თემების მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობისათვის. ვვარაუდობთ, რომ მის მიერ დასმული კრიტიკული კითხვები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიდა”,-წერია განცხადებაში.

ამასთან, მაუწყებლის მენეჯმენტმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა სოციალური პროექტი „ჰეშთეგი“. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებით, გადაცემაზე მომუშავე გუნდს კრიტიკულ და განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

“მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა ამ გადაწყვეტილებით უარი განაცხადა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებაზე. სამწუხაროა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები გაუმჭვირვალედ და მოსახლეობის/საზოგადოებრივი არხის დამფინანსებლების სათანადოდ ინფორმირებულობის გარეშე მოხდა. მით უფრო მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ საკითხების გაშუქების ვალდებულებები საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებს კიდევ უფრო აფართოებს. ნაცვლად ამისა, მაუწყებლის მენეჯმენტმა კრიტიკულად საჭირო პროგრამების დახურვით და ადამიანების დევნის გაგრძელებით უპასუხა მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე დიდ გამოწვევას. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი არხი საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნითაა შექმნილი, მიგვაჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უარს აცხადებს შეასრულოს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობები. ეს კი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძველია”, – წერია განცხადებაში.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამას გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს, რომელთაგან ერთ-ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენილია, დაინტერესდეს მიმდინარე პროცესებით და გააცნოს საზოგადოებას მოსაზრებები აჭარის მაუწყებელში ადამიანების დევნისა და კანონის შეუსრულებლობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი