ახალი ამბები

იზოლაცია კორონავირუსის დროს: საფრთხე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

25 მარტი, 2020 • 4085
იზოლაცია კორონავირუსის დროს: საფრთხე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

საქართველოში ოჯახში ძალადობა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულად გადასაჭრელ პრობლემად. მხოლოდ 2020 წლის იანვარ-მარტში 8 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ან კარანტინშია, ან თვითიზოლაციაში – ასობით ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში რჩება გამოკეტილი.

„იზოლაციას, როგორც მსხვერპლზე კონტოლის იარაღს, ისედაც ბევრი მოძალადე მიმართავს“

ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელი, საბჭოს წევრი ეკა აღდგომელაშვილი იმ აქტივისტებს შორის არის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს საზოგადოებას მოწყვლადი ჯგუფებისა და ძალადობის მსხვერპლების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს განსაკუთრებით სჭირდებათ ყურადღება და, როგორც მინიმუმ, მორალური მხარდაჭერა.

ეკა აღდგომელაშვილი

აღდგომელაშვილის მოსაზრებით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მსოფლიო COVID 19-ის გავრცელებას მოუმზადებელი დახვდა, არ იგულისხმება მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებისა თუ სახელმწიფოების ზოგადი პოლიტიკის მზაობა, არამედ პანდემიის მიერ გამოწვეული სოციალური პრობლემებიც.

„ვირუსი ყველაზე მძიმედ აისახება იმ ცალკეულ ჯგუფებსა თუ პირებზე, რომლებიც სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადები არიან.

ჩინეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებმა აჩვენა, რომ საკარანტინო ზონებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებითი კარანტინის წესებს იცავს, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა, ასევე გაიზარდა ცხელ ხაზზე მიმართვიანობის რაოდენობაც.

აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენც მომზადებულად დავხვდეთ კრიზისს და არ გამოგვრჩეს არცერთი ჯგუფი, არცერთი ადამიანი, ვისზეც დღევანდელი სიტუაცია შეიძლება ამგვარად აისახოს“, – ამბობს აღდგომელაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობობს კორონავირუსის ეპიდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სტატისტიკა, აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ მოვლენათა განვითარების სცენარი ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იგივეა და საქართველოს შემთხვევაში განსხვავებულ სურათს არ ელოდება.

„ვისთვისაც საკარანტინო პირობები ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვას უკავშირდება და კამპანია „დარჩი სახლში“ არის შიმშილსა და უსაფრთხოებას შორის არჩევანის გაკეთება, მათ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლა პოტენციურ მოძალადესთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ერთ სივრცეში გამოკეტილი აღმოჩნდებიან.

“ოჯახში ძალადობისას იზოლაციას, როგორც მსხვერპლზე ძალადობის უპირობო კონტროლის იარაღას, ისედაც ბევრი მოძალადე მიმართავს. ისინი ცდილობენ გააკონტროლონ, შეზღუდონ მსხვერპლის კონტაქტი გარესამყაროსთან, უკრძალავენ მუშაობას, ოჯახის წევრებთან შეხვედრას, მეზობლებთან ურთიერთობას..

რელობა კი ისაა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს კი არა, პირველ რიგში, ამ სოციალურ წრეებს მიმართავენ ხოლმე დასახმარებლად“, – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

თავად პანდემია, იზოლაციასთან დაკავშირებული სტრესი, სამსახურის დაკარგვის შიში და სხვა, შესაძლოა, მოძალადისთვის მაპროვოცირებელი ფაქტორები გახდეს, კარანტინის პირობებში კი მას მსხვერპლზე კონტროლის სრული კარტ-ბლანში აქვს.

აღდგომელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამ პირობებში მოძალადისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება, მეტიც, ხშირად, მსხვერპლს საშუალება არ აქვს, დახმარება მოითხოვოს – არ ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკა ან საცხოვრებელ სახლში განმარტოების სივრცე, საიდანაც ის პოლიციაში დარეკავდა.

სწორედ ამიტომ, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ამ კრიზისულ შემთხვევაშიც კი სახელმწიფო მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ხარისხი არ შეამციროს. მაგალითად, სახელმწიფომ მსხვერპლი უნდა გამოაცალკევოს მოძალადისგან და საზღვარგადაკვეთლების მსგავსად მოათავსოს განცალკევებით იმ პირობით, რომ თავშესაფრის სხვა ბინადრებს ვირუსის გავრცელების მხრივ საფრთხე არ შეექმნებათ. 

„ვისაც ოჯახში ძალადობის საკითხთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, თუ რამხელა გავლენა აქვს ამას მსხვერპლზე. სერვისებზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთია ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მეორეა იმ კონტაქტებისა და მორალური მხარდაჭერის მიღება, რომელიც ამ ხალხს სჭირდება, მოძალადეები კი მსხვერპლებს სწორედ ამ გზას უჭრიან ხოლმე.

ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მობილიზებული და კიდევ ერთხელ შევახსენოთ სახელმწიფოსაც, რომ არ გამორჩეს ეს პოტენციური საფრთხე. ამ ადამიანებს კი ვუთხრათ, გავაგებინოთ, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი, კრიზისისა და ეპიდემიის მიუხედავად, არ იფიქრონ, რომ მარტოები არიან ან ძალადობა მეორეხარისხოვანი პრობლემაა. არ მოითმინონ, არ გაჩუმდნენ და გამოსავალი აუცილებლად იქნება“, – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

როგორ მოვიქცეთ, თუ იძალადეს

ოჯახში ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური.

თუ თქვენი პარტიორი ან ოჯახის წევრი თქვენ მიმართ იქცევა ძალადობრივად, გიზღუდავთ თავისუფლებას ან მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას, მიმართეთ სამართალდამცავ უწყებას. ცხელი ხაზი – 112. 

ასევე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი- 116 006

ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 112-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც ოჯახში შესახებ ძალადობაზე ცოტა ხნის წინ ინფორმაცია დაემატა. ამ აპლიკაციას აქვს ასევე SOS და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.

აპლიკაციის ლინკებია:

რაც შეეხება პანდემიის დროს მოძალადის შესაძლო ქცევებს, აშშ-ის ოჯახში ძალადობის ეროვნული ცხელი ხაზის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მათი პარტნიორების თუ ოჯახის წევრების მხრიდან ისეთ ქცევებზე საუბრობდნენ, როგორიცაა:

  • მოძალადემ, შესაძლოა, მსხვერპლს აუცილებელ ნივთებზე წვდომა შეუზღუდოს, როგორიცაა სადეზინფექციო ხსნარები;
  • მოძალადემ, შესაძლოა, დეზინფორმაცია გაავრცელოს ვირუსთან დაკავშირებით იმისთვის, რათა მან დააშინოს ან/და გააძლიეროს კონტროლი მსხვერპლზე, ან შეუზღუდოს მედპერსონალთან კონტაქტი, რათა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მსხვერპლმა საჭირო დახმარება ვერ მიიღოს;
  • მოძალადემ, შესაძლოა, მსხვერპლს წაართვას სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან დაემუქროს, რომ წაართმევს/გაუუქმებს მას;
  • მოძალადემ, შესაძლოა, უფრო გაამკაცროს იზოლაცია და ეს პანდემიით გაამართლოს, მაგალითად, აღარ გაუშვას მსხვერპლი სახლს გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი