ახალი ამბები

მარნეული არ გახდება საქართველოს ვუჰანი, კითხვის ასე დასმა არასწორია – სუბარი

23 მარტი, 2020 • 1056
მარნეული არ გახდება საქართველოს ვუჰანი, კითხვის ასე დასმა არასწორია – სუბარი

პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მარნეული და ბოლნისი საქართველოს ვუჰანი არ გახდება და ამგვარად საკითხის დასმა არასწორია. ვუჰანი ჩინეთის პროვინციაა, საიდანაც COVID-19-ის ეპიდემია გავრცელდა.

სოზარ სუბარი „რუსთავი 2-ის“ წამყვანის შესავალ სიტყვას, „გახდება თუ არა მარნეული და ბოლნისი საქართველოს ვუჰანი“, ამ სიტყვებით გამოეხმაურა:

„რა თქმა უნდა, არ გახდება. მსგავსი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ყოველთის ჯობია, გადავამეტოთ ზომებში, ვიდრე შემდეგ მივიღოთ გაუთვალისწინებელი შედეგი“.

22 მარტს, მას შემდეგ, რაც მარნეულელ ქალს, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა და ათობით ადამიანთან ჰქონდა შეხება, კორონავირუსი დაუდგინეს, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

სოზარ სუბარმა მოგვიანებით ტვ პირველის ეთერში განმარტა ვუჰანთან პარალელი: „ამის საფრთხე არ არსებობს ნამდვილად და ამისთვის ყველა ზომა არის მიღებული“…

სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი ფორმულირებით კითხვის დასმა არასწორია:

შეიძლება, გამოჩნდეს 2-3 სხვა კონტაქტი, საიდანაც გავრცელების საფრთხე იყოს უფრო მაღალი, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონში, მაგრამ ხვალ შეიძლება რომელიმე სხვა რეგიონში გამოჩნდეს ასეთივე კონტაქტი.

აგერ, თბილისში გამოჩნდა ერთი-ორი ასეთი კონტაქტი – ადამიანი, რომელმაც დამალა, საიდან მოდიოდა და შემდეგ რამდენიმე ადამიანი მისგან დაინფიცირდა.

ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს და როგორც ვერ ვიტყვით, გახდება თუ არა თბილისი, ვერა ან ვაკე საქართველოს ვუჰანი, ისევე ვერ ვიტყვით მარნეულსა და ბოლნისზე. ასე კითხვის დასმა არ არის სწორი“.

„ამიტომაც ხდება, რომ სადაც მომეტებულ საფრთხეს ვხედავთ, იქვე ვამკაცრებთ ზომებს, რომ არ მივიღოთ ის, რის გაკონტროლებასაც ვერ შევძლებთ და ჯერჯერობით ასეთ ეტაპზე არ გადავსულვართ“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი