ახალი ამბები

რუმინეთში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

23 მარტი, 2020 • 1739
რუმინეთში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

კორონავირუსის გამო რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით ახალი ზომები მიიღო.

გთავაზობთ სინოდის განჩინებას, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ავრცელებს.


2020 წლის 17 მარტის N1 სამხედრო განკარგულებით და 2020 წლის 22 მარტის N2 სამხედრო განკარგულებით, რომლებითაც დადგინდა თანმიმდევრული წესები მოქალაქეთა გადაადგილებისა და შეკრებების შეზღუდვისა, რაც ასევე გავლენას ახდენს მორწმუნეთა საზოგადო რელიგიურ ცხოვრებაზე, 2020 წლის 22 მარტს რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, სინოდმა დაადგინა:

  1. ყველა სამრევლოში წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ (მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათე), საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ.
  2. მონასტრებში მსახურება ჩატარდება მონასტრის ეკლესიებში სამონაზვნო საძმოს დასწრებით, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ.
  3. ყველა რუმინელ მართლმადიდებელ მორწმუნეს რუმინეთსა თუ დიასპორაში შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა ლიტურგიკულ მსახურებებს საპატრიარქო საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტელევიზიით Trinitas TV და Radio Trinitas საპატრიარქოს ტელე-რადიოს, ან სხვა სადგურების მეშვეობით.
  4. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება ეკლესიებში საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე, ეკლესია შეიძლება გაიღოს სპეციალურ ვითარებებში (რომელიც აღნიშნულია მე-8 პუნქტში).
  5. რადგან მორწმუნე ერისკაცებს არ შეეძლებათ ფიზიკური მონაწილეობა საეკლესიო მსახურებებში, მათ ეძლევათ რჩევა, მოაწყონ სახლებში სამლოცველო ოთახი ხატებით, წმინდა წერილით, კანდელებითა და სასანთლეებით, ლოცვანით და სულიერად იღვაწონ იმ წესით, რომელსაც დაუწესებენ თავიანთი მოძღვრები.
  6. სამრევლოს ყველა მორწმუნის სახელი იქნება მოხსენებული წმინდა ლიტურგიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წირვაში, არამედ მხოლოდ სულიერად, დისტანციურად.
  7. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები კავშირში იქნებიან სამრევლოს მღვდელთან, განსაკუთრებით კი მოძღვრებთან. მორწმუნის თხოვნის შემთხვევაში, მღვდელს შეეძლება მივიდეს მასთან სახლში სულიერი საუბრებისთვის, აღსარებისთვის და ზიარებისთვის, თავდაცვის ნორმების შესაბამისად, პირბადეებისა და სანიტარული ხელთათმანების ჩათვლით.
  8. ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოები შეიძლება ჩატარდეს საკულტო ადგილას და მასში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 8 ადამიანი.
  9. მიცვალებულის პანაშვიდი შეიძლება ჩატარდეს ეკლესიაში, სპეციალურ სამლოცველოებში ან სასაფლაოზე; აღნიშნულ მსახურებას შეიძლება დაესწროს 8 ადამიანამდე.
  10. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეებისა საავადმყოფოებში ჩატარდება საავადმყოფოს წესების შესაბამისად.
  11. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეების სახლში ჩატარდება მღვდლის მიერ, შემდგომი პროცედურების დაცვით: მღვდელი შეავსებს დეკლარაციას თავისი გადაადგილების შესახებ იმ წესით, რომელსაც დაადგენს ხელისუფლება, სადაც აღნიშნავს გადაადგილების მიზეზს, როგორც დახმარებას მოხუცი ან სნეული ადამიანისა, ან ბავშვიანისა. მორწმუნეთა სახლში შესვლისას მღვდელი გამოიყენებს ერთჯერად ფეხთსაცმელს, ჰიგიენურ პირბადეს, დაიბანს ხელს საპნით, წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. გამოიყენებს მხოლოდ საკულტო წიგნსა და ოლარს, ლიტურგიკულ ჭურჭელს ავადმყოფის ზიარებისთვის, ნივთებს, რომლებიც მანამდეც და ზიარების შემდეგაც იქნებიან დეზინფიცირებული.
  12. წმინდა ზეთისცხების მსახურება (საზოგადო) შეჩერებულია და სანაცვლოდ მღვდლებმა მოუწოდონ მორწმუნეებს, ამის ნაცვლად ოთხშაბათსა და პარასკევს წაიკითხონ მკურნალი წმინდანების დაუჯდომლები: წმ. მღ. მთავარი სპირიდონი, წმ. მღვდელმთავარი ნექტარი ეგინელი, წმ. დიდმოწამე პანტელეიმონი, წმინდა ნეტარი პარასკევა, წმინდა ნეტარი დიმიტრი ახალი, წმ. მღვდელმთავარი კალინიკე ჩერნიკელი და სხვა.
  13. რეგულარულად ჩატარდება ეკლესიის კარიბჭეების, საეკლესიო ავეჯის და ზედაპირების დეზინფექცია, ხშირად მოხდება საკულტო ნაგებობის განიავება, მოეწყობა ჰიგიენური ზონები ყველა მათთვის, ვინც ეკლესიაში მოდის.
  14. ეკლესიის საზოგადოებრივი და სამედიცინო ცენტრები გააგრძელებენ მუშაობას შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოხუცთა თავშესაფრები, სოციალური სასადილოები, სამედიცონო კაბინეტები, საეკლესიო ნივთებისა და წიგნების მაღაზია და სხვა).
  15. მოხდება სამრევლოებისა და მონასტრების სოციალური საქმიანობის ადაპტირება ახალი სოაციალური და სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი, დახმარება იმ ადამიანებისა, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება, მათთვის საკვებისა და წამლების მიტანა მოხდება ყველა ჰიგიენური და დაცვის ნორმების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ხელისუფლების მიერ.
  16. თუკი ეკლესიის მსახური გამოავლენს სიმპტომებს, ან შევა კონტაქტში ადამიანთან, რომელსაც აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი, ის წერილობითი ფორმით ან ტელეფონით აუწყებს ამ სიტუაციის შესახებ მის იერარქიულ ხელმძღვანელს. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში მოსამსახურე გადაუდებლად აცნობებს ჯანდაცვის ორგანოებს და შეასრულებს მათ მიერ დადგენილ პროცედურებს (თვითიზოლაცია, კარანტინი და ა.შ.).
  17. ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება გასცემს მოწმობებს სამრევლო მღვდლებისთვის და საეკლესიო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამსახურში გადაადგილების მიზნით, ხოლო სამრევლო მღვდლები და მონასტრის წინამძღვრები გასცემენ მოწმობებს მათდამი დაქვემდებარებული ეკლესიის მსახურებისთვის (თანამწირველი მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათეები).
  18. მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, არ გამოვიდნენ სახლებიდან განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
  19. საგანგებო ვითარებაში, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები, ვალდებულნი არიან დაიცვან ხელისუფლების დადგენილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებიან კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
  20. ხელისუფლების მიერ მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ და განვავითაროთ ისინი მუდმივი პასუხისმგებლობით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინდოდის 20 მარტის განჩინებით, კორონავირუსის ფონზე ეკლესია უარს ამბობს ღვთისმსახურების შეჩერებასა და ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილებაზე.

სინოდის განჩინება: არ ჩერდება ღვთისმსახურება და არც ზიარების წესი იცვლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი