ახალი ამბები

სინოდის განჩინება: არ ჩერდება ღვთისმსახურება და არც ზიარების წესი იცვლება

20 მარტი, 2020 • 3715
სინოდის განჩინება: არ ჩერდება ღვთისმსახურება და არც ზიარების წესი იცვლება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინდოდის 20 მარტის განჩინებით, კორონავირუსის ფონზე ეკლესია უარს ამბობს ღვთისმსახურების შეჩერებასა და ზიარების წესის ცვლილებაზე.

სინოდის განჩინების მიხედვით, სხდომა გახსნა ილია მეორემ კორონავირუსთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თავიანთი განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს შემდეგმა სასულიერო პირებმა:

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წარმოადგინა ერთი ტექსტი;
  • მეორე ტექსტი წარმოადგინა ყუმურდოსა და ახალქალაქის კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა;
  • მესამე – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა;
  • მეოთხე -გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

ტექსტების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, რაშიც მონაწილეობა მიიღეს სინოდის წევრებმა.

სინდომა განაჩინა:

დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანებმა მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოთხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულითა და ეკლესიური ცხოვრებით აღმოიფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცოხვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები აძლიერებენ მარხვას და ლოცვას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვები, რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს ტაძარში  მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულისწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება სასწაული. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი. ევქარისტული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმ. სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდგომ რეკომენდაციებს:

  1. ყველა ეკლესია-მოანსტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და მარხვის წეს-განგების სრული დაცვით;
  2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს წირვის მოსმენა;
  3. ზიარების შემდგომ მცირე დასაყოლებელი სასმელის მიღება (ღვინო წყლით) დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დააავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის პირებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ან კარანტინში მყოფებს, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს დამატებითი რეკომენდაცია მიეცემათ;
  5. დასაფასებელია ჯანდაცვის მუშაკების ნაბიჯები;
  6. წმინდა სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცხოლეს. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას;
  7. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყოველდღე წავიკითხოთ ლოცვები. საქართველოს ეკლესია მზადაა გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებზე. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საავადმყოფოები მზადაა დაეხმაროს სახელმწიფოს.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა, საპატრიარქო ამის მიხედვით შეცვლის რეკომენდაციებს. ჯაღმაიძის ინფორმაციით, დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სინოდის სხდომამდე საპატრიარქოში შეხვედრა გამართა და მათ მიაწოდა ინფორმაცია.


იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ გავრცელდეს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები: შეწყდა ავიამომიმოსვლა ყველა ქვეყანასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდათ საქართველოში შემოსვლა, სატვირთო ავტომობილები შემოვლენ განსაკუთრებული რეჟიმის დაცვით, გარდა ამისა, შეწყვეტილია სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაიხურა ყველა სავაჭრო დაწესებულება, გარდა სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და ფოსტისა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ თავყრილობებს და დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, რათა დახურულ სივრცეში კორონავირუსი ვრცელდება სწრაფად და ერთ ინფიცირებულს რამდენიმეს დაავადება შეუძლია.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში ვირუსით 44 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, 2 ათასამდე კი კარანტინშია მოთავსებული. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცზვი 200 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 9 ათასამდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი