ახალი ამბები

8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5-მა დატოვა ინფექციური – ეზუგბაია

23 მარტი, 2020 • 1136
8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5-მა დატოვა ინფექციური – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ საავადმყოფოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან კი 5-მა დატოვა საავადმყოფო. რაც შეეხება კიდევ გამოჯანმრთელებულ 3 პაციენტს, მათ ვირუსის გართულების ეტაპზე ჰქონდათ პნევმონია, რის გამოც დამატებითი კვლევები უტარდებათ და საავადმყოფოს ამის შემდეგ დატოვებენ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 30 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან ისინი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისა და ასაკის გამო რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.

კორონავირუსით ინფიცირებული დანარჩენი პაციენტები საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

23 მარტის 10:30 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი