ნეტგაზეთი | მდინარე ვერეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა აშენდება მდინარე ვერეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა აშენდება – Netgazeti
RU | GE  

მდინარე ვერეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა აშენდება

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალდა, მთავრობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აშენდება ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა.

“ეს ნაგებობა მეწყრის განვითარების შემთხვევაშიც კი თავიდან აგვარიდებს მსგავს შედეგებს… რაც შეეხება მეთოდოლოგიას, გამოყენებული იქნა სხვადასხვა მოდელები და  ძირითადად გათვლილია ის ისტორიული მაქსიმუმი,  რაც 1000  წლის მანძილზე ნალექების ოდენობის სახით შეიძლება მოვიდეს და ვერეს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიწვიოს არეალების დატბორვა“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ვაკის რაიონის გამგებელმა,  ლაშა აბაშიძემ დაზარალებულ  მოსახლეობას დაზიანებული სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, თბილისის მთავრობა უზრუნველყოფს როგორც დაზიანებული სახლების რეაბილიტაციას, ასევე, ერთჯერადი  დახმარების სახით საშუალოდ 10 000 ლარის გაცემას:

 

„იმ ოჯახებს, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი, საკუთარი ნება-სურვილით შეუძლიათ შეარჩნიონ  შემსრულებელი კომპანია, რომელიც მათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვას მოუმზადებს.  ამის შემდეგ კი, უნდა მომართონ გამგეობას,  ჩვენ შესაბამის ანაზრაურებას გავცემთ და დამატებით ისინი მიიღებენ  ერთჯერად ფულად დახმარებას, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით“.


 

განსაზღვრულია დატბორილი საცხოვრებელი სახლების ორი კატეგორია:

 

 

„პირველი კატეგორია არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, მეორე აღდგენას ექვემდებარება. მოსახლეობას, რომელთა საცხოვრისი პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, ჩვენ შევთავაზეთ საკუთარი სურვილის შესაბამისად, ან სულადობის მიხედვით, ან სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. პროცესი დაწყებულია და 33 ოჯახს თანხა უკვე გადარიცხული აქვს“,- განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ.


დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვაკის რაიონის გამგებელმა  და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სვანიძის ქუჩის მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არეალების შესახებ მომზადებული დასკვნა წარუდგინეს.

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა სტიქიის სალიკვიდაციო, მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

შეხვედრა სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებთან, ფოტო: თბილისის მერია
შეხვედრა სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებთან, ფოტო: თბილისის მერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი