ახალი ამბები

რუსეთმა 2006-ში დეპორტირებულ 7 პირს კომპენსაცია გადაუხადა – საია

18 მარტი, 2020 • 2429
რუსეთმა 2006-ში დეპორტირებულ 7 პირს კომპენსაცია გადაუხადა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი.

საუბარია საქმეზე “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც 19 აპლიკანტის ინდივიდუალურ შემთხვევას მოიცავს, მათ შორის, 8 პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეული მომჩივანის მიმართ  ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

რუსეთის ფედერაციას მისთვის დაკისრებული თანხა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, 2019 წლის 26 სექტემბრამდე უნდა გადაეხადა, თუმცა ეს არ გაუკეთებია. საია აცხადებს, რომ ამის შემდეგ აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთან, რომელსაც წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა. პარალელურად, საიამ წერილობით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს.

“2019 წლის 29 ნოემბერს საიას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსგან ეცნობა, რომ ერთ მომჩივანს უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა თანხა, დანარჩენ 7 მომჩივანთან მიმართებით კი რუსეთმა დამატებითი საბუთების წარდგენა მოითხოვა. საიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხელახლა წარუდგინა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რის შემდეგაც 2020 წლის 21 იანვარს სამინისტროსგან გვეცნობა, რომ 6 მომჩივანს თანხა ჩაერიცხებოდა, ხოლო მე-7 მომჩივანთან მიმართებით კვლავ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა საჭირო”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ საიას დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს ჩაურიცხა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული კომპენსაცია, ხოლო ერთ მომჩივანთან დაკავშირებ ითსაია აგრძელებს კომუნიკაციას რუსეთის ფედერაციასთან.


ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის, ჯამში, 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა. რუსეთმა დაკისრებული კომპენსაცია სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში, 2019 წლის პირველ მაისამდე არ გადაიხადა.

შესაბამისად, საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა. კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაუხადოს საქართველოს 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით, თუმცა მოსკოვს ეს ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია და კომპენსაციის გადახდის ახალი პირობები წამოაყენა. კერძოდ, მოითხოვა დაზარალებულების სიის დაზუსტება, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ზიანი მიადგათ და რა ოდენობის თანხა უნდა მიიღონ მათ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “აბსოლუტურად უსაფუძვლო” უწოდა  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობად დასახელებულ არგუმენტებს და თქვა, რომ რუსეთის მიერ გადასახდელ 10-მილიონიანს უკვე დიდი ხანია ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით.

დეპორტირებულების საქმეზე შეგიძლიათ გაეცნოთ “ნეტგაზეთის” სტატიას:

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი