ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ 19 დეპორტირებულის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

26 მარტი, 2019 • 1500
სტრასბურგის სასამართლომ 19 დეპორტირებულის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომლითაც ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა 2 000-დან 15 000 ევრომდე კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში დაკავებისა და გამოძევების ადმინისტრაციულ პრაქტიკას დაექვემდებარნენ.

საქმე “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” 19 აპლიკანტის ინდივიდუალურ შემთხვევას მოიცავს, მათ შორის, 8 პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. როგორც საია-ს განცხადებაში არის ნათქვამი, ინდივიდუალურ საჩივრებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა, დაადგინა რა, რომ მომჩივნების მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა მაშინ გადადო, რადგან იმ მომენტისთვის სახელმწიფოთაშორის საჩივარში გადაწყვეტილი არ იყო “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” კომპენსაციის საკითხი.

სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ განაახლა ინდივიდუალური საჩივრების განხილვა და 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას დააკისრა მომჩივნების სასარგებლოდ გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ,  დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა:

  • 2,000 ევროს გადახდა იმ მომჩივნებისთვის, რომლებიც გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, თუმცა, დაკავებული არ ყოფილან.
  • 10,000 ევრო – იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, ხოლო სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლდნენ (საიას დაცვის ქვეშ მყოფი 1 პირი);
    12,500 ევრო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა დაკავება გაგრძელდა ორიდან ათ დღემდე (საიას დაცვის ქვეშ მყოფი 5 პირი);
  • 15,000 ევრო იმ მომჩივანთა სასარგებლოდ, რომელთა დაკავების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 დღეს (საიას დაცვის ქვეშ მყოფი 2 პირი).

დღევანდელი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის მხარეებს 3 თვე აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი