ახალი ამბები

მინისტრთა კომიტეტი: რუსეთმა დეპორტირებულს კომპენსაცია დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს

26 სექტემბერი, 2019 •
მინისტრთა კომიტეტი: რუსეთმა დეპორტირებულს კომპენსაცია დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით „დეპორტირებულების საქმის“ აღსრულების პროცესი შეაფასა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაუხადოს საქართველოს 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით. გადაწყვეტილებაში აგრეთვე  აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხის დადგენილი ვადაში (2019 წლის 30 აპრილამდე) გადაუხდელობის გამო, მას დაეკისრება შესაბამისი პროცენტები. ასევე, მინისტრთა კომიტეტმა მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ კომპენსაციის გადახდა არის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე “უპირობო ვალდებულება”.

“კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე – 2019 წლის დეკემბერში ჩანიშნა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი