ახალი ამბები

რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული კომპენსაცია არ გადაიხადა

2 მაისი, 2019 • 1332
რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული კომპენსაცია არ გადაიხადა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია დადგენილ 3-თვიან ვადაში (2019 წლის პირველ მაისამდე) არ გადაიხადა. აქედან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან “დეპორტირებულების საქმის” უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა.

“დეპორტირებულების საქმეზე” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო) რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა უნდა განაწილდეს იმ პირებზე, რომლებიც დაზარალდნენ  2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში რუსეთმა დაკისრებული თანხა არ გადაიხადა, იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა მოითხოვა. მინისტრთა კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება.

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არადამიანური პირობებით – 2006 წლის შემოდგომის მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი